ცხინვალს მოსკოვის მერი სტუმრობს
მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი დღეს ცხინვალს ესტუმრა, სადაც სეპარატისტების ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა.
”ჩვენ თანამებრძოლების ვართ იმ პროცესებში, რომელიც საბოლოო ჯამში დასრულდა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს შექმნით, რომელიც თავისი პატრონისგან გათავისუფლებული, რუსეთთან ერთად განვითარდება,”- განაცხადა ლუჟკოვმა, სეპარატისტული რესპუბლიკის ბეჭდვისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროს ცნობით.
ლუჟკოვის სტუმრობის ფარგლებში იგეგმება ახალი დასახლების, ე.წ. მოსკოვის კვარტლის გახსნა, რომელიც მოსკოვის მერიის 2.5 მლრდ რუბლის (დაახლოებით, 78.5 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით დაფინანსებით აშენდა ქართული სოფლის თამარაშენის ტერიტორიაზე, საიდანაც შარშანდელი აგვისტოს ომის დროს ქართული მოსახლეობა გამოდევნეს.
საქართველოს საგარეო უწყებამ დაგმო ლუჟკოვის ცხინვალში ჩასვლა და რუსეთის სხვა ლიდერების ვიზიტების მსგავსად შეაფასა ის, როგორც ”საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების იგნორირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობები”.
”რაც შეეხება გადამწვარი და განადგურებული ქართული სოფლის თამარაშენის ადგილზე ე.წ. მიკრორაიონ "მოსკოვის" გახსნას… ცხინვალის კრიმინალურ რეჟიმთან ერთად ამგვარი ღონისძიების ჩატარება არის აბსოლუტურად უპრეცედენტო ამორალური აქცია და თვით ნაცისტებსაც კი არ მოსვლიათ აზრად განადგურებული და გადამწვარი ლიდიცეს, ხატინისა და ორადურის ადგილზე აეშენებინათ დასახლება და მისთვის ბერლინის სახელი ეწოდებინათ,”- კიდევ ერთხელ გაიმეორა 31 აგვისტოს საგარეო უწყებამ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული ეს განცხადება.
ამ ახალი რაიონის მშენებლობა, რომელსაც რუსული სამშენებლო კომპანია სუ-155 აწარმოებს, ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის. 60 ჰექტარზე გაშენებულ დასახლებაში სულ 9 სამსართულიანი და დაახლოებით 200 ცალი ორსართულიანი სახლის აშენებაა ნავარაუდევი 3 ათასი მაცხოვრებლისთვის.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრის ვადიმ ბროვცევის თქმით, ბინებს პირველ რიგში მისცემენ მრავალშვილიან, ახალგაზრდა და აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს, რაც კანონმდებლობის დონეზე დარეგულირდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)