’ღვალაძის წერილი’ მუხროვანის საქმის ახალი გარემოება

სასამართლოს 22 სექტემბერს წარუდგინეს ხელით დაწერილი წერილი, რომელიც, სავარაუდოდ, მუხროვანის საქმესთან დაკავშირებული პროცესის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ გია ღვალაძემ დაწერა, სადაც ნათქვამია, რომ მისი ჩვენება ერთ-ერთი განსასჯელის კობა კობალაძის წინააღმდეგ გამომძიებლების ზეწოლის შედეგია და რომ კობალაძე უდანაშაულოა.

წერილი მოსამართლე ჯემალ კოპალიანს ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაურის კობა კობალაძის ადვოკატებმა წარუდგინეს. 

18 სექტემბერის მსგავსად, 22 სექტემბრის სასამართლო სხდომაზეც გია ღვალაძე კვლავ ყურადღების ცენტრში იყო.

18 სექტემბრის სხდომა, ღვალაძის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ხმაურიან განხილვებში გადაიზარდა, რის შემდეგაც სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი ღვალაძის მოულოდნელი განცხადება გახდა, რომელმაც თავისი ადვოკატის აცილება მოითხოვა. ყოფილმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ღვალაძემ ეს გადაწყვეტილება პროკურატურის ზეწოლით მიიღო.

თავად გია ღვალაძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის 315-ე მუხლის მეორე ნაწილით (ამბოხება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად). ამავე დროს იგი კობა კობალაძის წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მოწმეა. მის მიერ  მიცემული ჩვენება გამოძიების ადრეულ ეტაპზე და შემდგომშიც, ერთადერთი მტკიცებულებაა, რომლის საფუძველზეც 2004 წლამდე ეროვნული გვარდიის სარდალს, კობალაძეს ბრალი წაუყენეს 315-ე მუხლის მეორე ნაწილით.

კობალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა 22 სექტემბერს გამართულ მოსმენაზე, სავარაუდოდ, ღვალაძის მიერ დაწერილი წერილი წაიკითხა, სადაც ნათქვამია, რომ მის მიერ კობალაძის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები არის ”სრული სიცრუე”. წერილში ასევე ნათქვამია, რომ მან იმიტომ გადაწყვიტა ამის დაწერა, რომ სასამართლო პროცესის მსვლელობისას მასზე ”სხვადასხვაგვარი ზეწოლა, ზემოქმედება და დაშინება” შეიძლება ისევ განხორციელდეს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ სასამართლოსთვის მისაცემ ჩვენებაზე. ღვალაძე სასამართლოს ჯერ არ დაუკითხია.

ადვოკატების თქმით, ეს წერილი ღვალაძემ 11 სექტემბერს დაწერა და იმავე დღეს სასამართლო დარბაზში გადაეცა მათ.

ადვოკატებმა მოსამართლესთან დააყენეს შუამდგომლობა, რომ ეს წერილი საქმეში ჩაიდოს. ადვოკატებმა ხელნაწერის ექსპერტიზის ჩატარებაც  სთხოვეს მოსამართლეს იმის დასადგენად, რომ წერილი ნამდვილად ღვალაძემ დაწერა და რომ ის ყალბი არ არის. მათ ასევე მოითხოვეს კალიგრაფიული ექსპერტიზა, რათა დადასტურდეს, რომ წერილი მართლა ღვალაძეს ეკუთვნის.

”ეს წერილი კობალაძის წინააღმდეგ პროკურორების ბრალდებას ანგრევს,” – განუცხადა კობალაძის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა მოსამართლეს.

როდესაც მოსამართლემ ხელნაწერი გია ღვალაძეს უჩვენა და ჰკითხა მისი დაწერილი იყო თუ არა ეს წერილი, ღვალაძემ უპასუხა: ”გავს ძალიან ჩემს ნაწერს”.

ამ დროს კობა კობალაძემ ხმამაღლა მიმართა ღვალაძეს: ”ღირსება გაქვს თუ არა? თქვი რა სიმართლე შე კაი დედმამიშვილო.”

მას შემდეგ რაც მოსამართლემ კობალაძეს სიმშვიდისკენ მოუწოდა, მან კვლავ მიმართა ღვალაძეს და უთხრა გაეცა პასუხი იყო თუ არა ეს წერილი მისი დაწერილი, რაზეც ღვალაძემ მოკლედ უპასუხა: ”არა.”

ღვალაძის პასუხების შემდეგ კობალაძის ადვოკატებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს წერილის კალიგრაფიული ექსპერტიზა და ასევე თხოვეს მოსამართლეს, რომ ექსპერტიზაში მათ მიერ დასახელებული ექსპერტებიც ჩართულიყვნენ.

ბრალდების მხარე შუამდგომლობის წინააღმდეგ გამოვიდა და ეს იმით ახსნა, რომ მოთხოვნა პროცედურების დარღვევით იყო დაყენებული, რადგან ეს შუამადგომლობა ადრე უნდა დამდგარიყო იმის გამო, რომ წერილი, როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, 11 სექტემბერს იყო დაწერილი.

თავიანთი გადაწყვეტილება, რომ წერილი თერთმეტი დღის შემდეგ გამოეჩინათ, ადვოკატებმა ”ახალი გარემოებებით” ახსნეს, რომელიც, მათი თქმით, 18 სექტემბრის სხდომის შემდეგ გაჩნდა. კობალაძის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ წერილი დღეს იმიტომ გამოაჩინეს, რომ არ იყვნენ დარწმუნებულნი ღვალაძის ზრახვებში და იმაში, თუ რამდენად გულწრფელი იყო ის, იმის გათვალისწინებითაც, რომ ღვალაძემ უკვე არა ერთხელ გადათქვა წინასწარ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები. თუმცა, ადვოკატების თქმით, 18 სექტემბრის სხდომაზე განვითარებულმა მოვლენებმა გაამყარეს მათი ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ ღვალაძე პროკურორების ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს წერილის დღეს გამოაშკარავება.

მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა და კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების განკარგულება გასცა. თუმცა, მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი ეს წერილი საქმეს დაერთოს და რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საკითხზე ის მას შემდეგ მიიღებს, რაც კალიგრაფიული ექსპერტიზის შედეგები გახდება ცნობილი. მან ასევე არ დააკმაყოფილა ადვოკატების თხოვნა ექსპერტიზაში მათი ექსპერტების ჩართვის თაობაზე.

იმავე 22 სექტემბერის სხდომაზე კობა კობალაძის ადვოკატებმა მოსამართლე ჯემალ კოპალიანის აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენეს იმ მოტივით, რომ მოსამართლე ვერ ახერხებს პროცესის ობიექტურად წარმართვას და ამის ერთ-ერთ არგუმენტად 18 სექტემბრის სხდომაზე განვითარებული მოვლენები დაასახელეს.

ადვოკატების განცხადებით, მოსამართლემ ისე მიიღო გადაწყვეტილება დაეკმაყოფილებინა ღვალაძის მოულოდნელი თხოვნა მისი ადვოკატის აცილების თაობაზე, რომ არ გაითვალისწინა ის მდგომარეობა, რომელშიც ღვალაძე იმ დროს იმყოფებოდა. ადვოკატების განცხადებით, იმ ოფიციალური ცნობის თანახმად, რომელიც მათ სასწრაფო დახმარების სამსახურიდან გამოითხოვეს, 18 სექტემბრის პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს ღვალაძეს ორი აბი ტრანკვილიზატორი ”რელიუმი” დაალევინეს. მოსამართლე კოპალიანმა ეს არგუმენტი უარყო და განაცხადა, რომ მან ჰკითხა ღვალაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და განაგრძო სხდომა მას შემდეგ, რაც მისგან მიიღო პასუხი, რომ კარგად გრძნობდა თავს და შეეძლო პროცესზე დასწრება.

კობალაძის ადვოკატებმა მოსამართლის აცილების კიდევ ერთ არგუმენტად მოიყვანეს 11 სექტემბერის სხდომა; მაშინ მოსამართლე ეკითხებოდა განსასჯელებს ცნობდნენ თუ არა ისინი თავს დამნაშავეებად, რაზეც ღვალაძემ უპასუხა, რომ იგი მხოლოდ ნაწილობრივ ცნობდა თავს დამნაშავედ და ”სიმართლეს” სასამართლო პროცესის მსვლელობაში იტყოდა. ღვალაძეს მხოლოდ 315-ე მუხლის მეორე ნაწილში ედება ბრალი და გაურკვეველი დარჩა, თუ რას ნიშნავდა ”ნაწილობრივ” დანაშაულის აღიარება. კობალაძის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლეს უნდა გაერკვია ეს საკითხი ღვალაძესთან დაკავშირებით, ისევე როგორც ეს მან გააკეთა სხვა კიდევ ერთ განსასჯელთან მიმართებაში. მოსამართლემ ეს არგუმენტიც უარყო და განაცხადა, რომ მან არ მიიჩნია საჭიროდ რაიმე დამატებითი კითხვების დასმა ღვალაძესთვის, რადგანაც როგორც ღვალაძემ განმარტა, დეტალების შესახებ პროცესის მსვლელობაში ისაუბრებდა.

კობალაძის ადვოკატებმა ასევე უთხრეს მოსამართლეს, რომ მათ გააჩნიათ ეჭვი, რომ იგი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 5 მაისს გაკეთებული განცხადების გავლენის ქვეშ იმყოფება. იმ დღეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კობალაძე დიდი ხანია რაც ”მისახედი” იყო და რომ მას ”აქამდე არ უნდა ებოგინა”. თუმცა, მოსამართლემ განაცხადა, რომ მას არც კი სმენია პრეზიდენეტის ეს განცხადება.

ადვოკატებმა მოსამართლის აცილების ერთ-ერთ ერგუმენტად მოიყვანეს 18 სექტემბერის სხდომაზე ღვალაძის ყოფილი ადვოკატის გაურკვეველ ვითარებაში შეცვლა; ადვოკატების მტკიცებით, მოსამართლემ ვითარების გარკვევა არ სცადა.

მოსამართლემ საბოლოო ჯამში არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა მისი აცილების თაობაზე.

დღის მეორე ნახევარში, შესვენების შემდეგ კობა კობალაძის ადვოკატებმა კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენეს განსასჯელ გია ღვალაძისთვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნით, რათა გარკვეულიყო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ტყუილისადმი მიდრეკილება და რამდენად ადვილად დაქვემდებარებადია ის ფსიქოლოგიურ გავლენაზე.

სასამართლოს საწყის ეტაპზე მოსამართლემ კობალაძის ადვოკატების მსგავსი შუამდგომლობა ღვალაძისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

ადვოკატების ახალი შუამდგომლობა რამდენიმე არგუმენტს ემყარებოდა, მათ შორის ღვალაძის მეორე ჯგუფის ინვალიდობას, რომელიც მას 2000 წელს მიღებული ქალა-ტვინის ტრავმის გამო აქვს მინიჭებული; ასევე ღვალაძის მიერ ჩვენების 4-ჯერ შეცვლის ფაქტს და ასევე ღვალაძის მამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაცვალების ფაქტს.

გარდა ამისა, ადვოკატების თქმით, ღვალაძემ წინასწარი გამოძიებისას ამბოხების საქმესთან დაკავშირებით კობა კობალაძესთან ერთად კიდევ 15-მდე ადამიანის გვარი დაასახელა, მათ შორის იგორ გიორგაძის, ასლან აბაშიძის, ლევან მამალაძის, შალვა ნათელაშვილის, ბაჩუკი ქარდავას, გუგული მაღრაძის, გია ყარყარაშვილის, დავით თევზაძის, ჯონი ფირცხალაიშვილის. თუმცა, ადვოკატების თქმით, მოგვიანებით ღვალაძემ გამოძიებას განუცხადა, რომ დასახელებული გვარები ყველა გამოგონილია, კობა კობალაძის გარდაო.

”როგორც ჩანს იმიტომ დარჩა მხოლოდ კობალაძე ამ სიაში, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა [5 მაისს, მუხროვანის ინციდენტის დღეს], რატომ დადის კობალაძე აქამდე თავისუფალიო,”- განაცხადა სასამართლოს სხდომაზე კობალაძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. 

ადვოკატების განცხადებით, ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება ”სასიცოცხლო მნიშვნელობის” იყო როგორც კობალაძისთვის, ისე ღვალაძისთვის.

თავად ღვალაძემ სასამართლოს განუცხადა, რომ ის თანახმა იყო ექსპერტიზის ჩატარებაზე. ”ჩემთვისაც უკეთესია გავიგო ნორმალური ვარ თუ არა,”- განაცხადა მან.

პროკურორმა გრიგალაშვილმა შუამდგომლობას ”უსაფუძვლო” უწოდა და განაცხადა, რომ ადვოკატები ”ზეწოლას ახდენენ” ღვალაძეზე და ასევე სასამართლოს ”წინასწარ ახვევენ აზრს”, რომ განსასჯელი ”არაორდინალურია” მაშინ, როცა მას სასამართლოსთვის ჯერ ჩვენება არ მიუცია. პროკურორის თქმით, საქმეში დევს ღვალაძის ავადმყოფობის ისტორია და მისი ჯანმრთელობის ცნობები; თანაც, მისი თქმით, არაფერი შეცვლილა ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე წინა, არ დაკმაყოფილებული შუამდგომლობის შემდეგ,

თუმცა კობალაძის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ სწორედ იმიტომ ითხოვენ ექსპერტიზას, რომ დაიდოს ანალიზი ღვალაძის ჯანმრთელობის ისტორიის და ახლანდელი მდგომარეობის შესახებ, რაშიც სპეციფიკური ცოდნა ”მოსამართლე კოპალიანს არ აქვს და ამდენად უნდა აინტერესებდეს ექსპერტის აზრი”. მითუმეტეს, რომ ადვოკატების თქმით, არსებობს რამდენიმე ახალი გარემოება 18 სექტემბრის შემდეგ ღვალაძის ჯანმრთელობის გართულებებთან დაკავშირებით.

მოისმინა რა მხარეთა არგუმენტები, მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ორი მიზეზით: ერთი ის, რომ, მისი თქმით, ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზა ინიშნება ერთად და არა ცალკ-ცალკე და მეორეც, სასამართლოს შესაფასებელია იძლევა თუ არა არათანმიმდევრულ ჩვენებებს განსასჯელი ღვალაძე, რომელსაც ჯერ სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია.

ამის შემდეგ სასამართლოს უნდა გაეგრძელებინა განსასჯელთა დაკითხვის პროცესი, თუმცა წინა სხდომის მსგავსად, მათ ჩვენების მიცემის გადავადება მოითხოვეს. პროკურორის თქმით, საუბარია დაახლოებით 12 სამოქალაქო პირზე, რომლებთან დაკავშირებითაც ადვოკატებმა ითხოვეს ”პოზიციების შეჯერება”.

მოსამართლე კოპალიანმა უთხრა განსასჯელებს, რომ ”კიდევ ერთ შანსს” აძლევს, რათა მომავალი სხდომისთვის, რომელიც 24 სექტემბერს გაგრძელდება, საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ გამოიყენებენ დუმილის უფლებას თუ მისცემენ ჩვენებას სასამართლოს.

უკვე მეორე სასამართლო სხდომაა, რაც კობალაძე ითხოვს ჩვენების მიცემას იმ ფონზე, რომ სხვა განსასჯელები უარს ამბობენ დაკითხვაზე, თუმცა მას უარს ეუბნებიან, რადგან პროკურორის თქმით, მის მიერ შედგენილი დასაკითხთა რიგითობა უნდა იქნას დაცული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)