სააკაშვილი: ’მე ერთი გრამით არ ვნანობ, რომ გავწიე წინააღმდეგობა’

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნიუ-იორკში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის არ ნანობს, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწია და ”საქართველო დაიბრუნებს, რაც მათ დროებით აქვთ მიტაცებული”.

”მე ერთი გრამით არ ვნანობ, რომ გავწიე წინააღმდეგობა, არც ერთი ჩვენი დევნილი ამას არ ნანობს,”- განაცხადა მან, ”ამიტომაც არის, რომ დღეს ერთადერთი მოკავშირე, რომელიც იშოვა [რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ] პუტინმა მსოფლიოში, არ არის არც ერთი ნორმალური ქვეყანა… იშოვა [ვენესუელას პრეზიდენტი] ჰუგო ჩავესი, ღმერთმა კარგად მოახმაროს ჩავესი სამუდამოდ პუტინს”.

მისი თქმით, საქართველომ აჩვენა, რომ მტრის წინაშე ყოველთვის ერთიანია და ის მოლოდინი, რომ თბილისში საპროტესტო აქციების შედეგად ქვეყანა ”ჩამოემხობოდა”, არ გამართლდა.

”მე დარწმუნებული ვიყავი და მშვიდად ვიყავი, არაფერიც არ იქნება, იმიტომ, რომ საერთო ჯამში, ჩვენი ხალხი ზუსტად ხვდება სად არის ამბიცია და სად არის მისი ქვეყნის ინტერესი. ამიტომ დღეს საქართველო არის შედუღაბებული, როგორც არასდროს,” – განაცხადა მან

სააკაშვილის თქმით, ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა, რომ ”ჩვენ დავმკვიდრდით მსოფლიო რუკაზე, ჩვენ გაგვიცნეს და საქართველოს სახელი ძალიან მყარად ჟღერს მთელს მსოფლიოში”.

სააკაშვილი უკვე ოთხი დღეა ნიუ-იორკში შეხვედრებს მართავს. ის დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას სიტყვით მიმართავს.  

გუშინ ასამბლეას რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმაც მიმართა და თავის გამოსვლაში საქართველოსთან შანშანდელი აგვისტოს ომი გაიხსენა.

”მაშინ, გასული წლის აგვისტოში, ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით სიტუაციასთან, რომლის დროსაც ლოკალური შეიარაღებული კონფლიქტი შესაძლოა მასშტაბურ ომში გადაზრდილიყო,”- განაცხადა მან გაეროს ტრიბუნიდან, ”ამასთან – მინდა ამაზე განსაკუთრებით აღვნიშნო – უპასუხისმგებლო რეჟიმებს არ უნდა ჰქონდეთ არავითარი შესაძლებლობა იმისა, რომ სხვა ქვეყნები გადაკიდოს ერთმანეთს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)