PACE რუსეთს წლის ბოლომდე ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს რუსეთს წლის ბოლომდე შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მას PACE-ს 2009 წლის იანვრის და 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციებით დაეკისრა..
დოკუმენტი, რომელზეც მანამდე დებატები გაიმართა, ასამბლეამ 80 ხმით 36-ის წინააღმდეგ მიიღო.
წინა ორი რეზოლუციისგან განსხვავებით, რომელიც საქართველოს მიმართაც შეიცავს მოთხოვნების ჩამონათვალს, ეს უკანასკნელი ძირითადად რუსეთზე ამახვილებს ყურადღებას.
კერძოდ, ის მოითხოვს რუსეთისგან წლის ბოლომდე გააკეთოს შემდეგი: ”დაუბრკოლებლად” შეუშვას ევროკავშირის დამკვირვებლები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში; უზრუნველყოს ეთნიკური ქართველებისთვის ადმინისტრაციულ საზღვრებზე თავისუფალი გადაადგილება; ”ოფიციალურად და ეფექტურად” აღიაროს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ყველა დევნილის დაბრუნების უფლება; დაიწყოს ეთნიკური წმენდის ფაქტების გამოძიება.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, რათა მან სასამართლოს წინასწარი მოსმენის პალატას სთხოვოს ოფიციალურად დაიწყოს ნებისმიერი მხარის მიერ აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.
საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხს PACE ხუთშაბათს კვლავ განიხილავს. სწორედ ამ დღესაა დაგეგმილი დებატები ასამბლეის 72 წევრის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ განხილულ იქნას რუსეთის დელეგაციის უფლებამისოლების საკითხი იმ მოტივით, რომ მან ვერ შეასრულა აგვისტოს ომის შესახებ ასამბლეის წინა ორ რეზოლუციაში ასახული მოთხოვნები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)