ბურჯანაძე ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა ”რეჟიმთან შეურიგებელ ოპოზიციურ ძალებს” გააერთიანონ ძალისხმევა, რათა ”ბოლო მოუღონ” არსებულ ხელისუფლებას.

”სხვა შემთხვევაში ეს რეჟიმი ჩვენს ქვეყანას ახალ სისხლისღვრამდე, საბოლოო დაშლამდე და უპირობო გადაგვარებამდე მიიყვანს,” – განაცხადა ბურჯანაძემ 5 ოქტომბერს.

”ასევე მიგვაჩნია, რომ ყოველგვარი უშედეგო კომპრომისი, მოლაპარაკება და დიალოგი ამ დანაშაულებრივ რეჟიმთან არის ფუჭი და შესაძლოა დამღუპველიც,” – განაცხადა მან, ”მივმართავ ყველას, რეჟიმთან შეურიგებელ ოპოზიციურ ძალებს, შევქმნათ დემოკრატიული ფრონტი, სადაც ლიდერთა კონკურენცია კი არა, ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები იქნება წინა პლანზე წამოწეული”. 

მან ეს მოწოდება იმ ”რეალობას” დაუკავშირა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებული კომისიის მიერ აგვისტოს ომის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა. ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ანგარიშმა ”დაადასტურა სააკაშვილის მთავრობის უუნარობა ქვეყანა ღრმა სოციალურ-პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანოს”. ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველო ”საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის” წინაშეც დადგა.     

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)