ალასანია უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

ალიანსი საქართველოსთვის 12 ოქტომბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის ფარგლებში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარს აცხადებს, განაცხადა დღეს ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.  

”დამთავრდა დრო ლაპარაკის, ახლა საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა,” – განაცხადა ალასანიამ, რომელმაც აგვისტოში გამართულ ანალოგიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, ალიანსი საქართველოსთვის მზად არის ჩაერთოს ხელისუფლებასთან დიალოგში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ეს დიალოგი საგნობრივი და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.

ამ მოსაზრებით, განაგრძო ალასანიამ, ალიანსი საქართველოსთვის განაგრძობს მონაწილეობას საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში.

”ჩვენ ველოდებით ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების გამოვლენას,” – განაცხადა ალასანიამ. 

”დღევანდელ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღებას ჩვენ არ ვაპირებთ და არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, მაგრამ ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ თუკი პროგრესი და გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული ქვეყანაში როგორც მედიის თავისუფლების გასაუმჯობესებლად, ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზოგადად საარჩევნო გარემოს თვისობრივად შეცვლისთვის, ბუნებრივია ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ხელისუფლებასთან,” – დასძინა მან.

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც აგვისტოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მეორე შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, არის ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის. პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა პეტრე მამრაძემ განაცხადა 12 ოქტომბერს, რომ დაგეგმილი გაფართოებული სხდომა არის კიდევ ერთი ”PR აქცია და დემოკრატიის იმიტაცია”.

საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა უკვე დაადასტურეს შეხვედრაში მონაწილეობის მზადყოფნა. შეხვედრაში მონაწილეობას ასევე გეგმავს რამოდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომლებმაც წინა შეხვედრაშიც მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის არიან კონსტანტინე გამსახურდიას პარტია თავისუფლება და აკაკი ასათიანის ტრადიციონალისტები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)