ევროპის საბჭოს მოხსენება საქართველოში ეროვნული უმცირესობების შესახებ

ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკითხებზე მომუშავე ევროპის საბჭოს მრჩეველთა კომიტეტმა 12 ოქტომბერს საქართველოს შესახებ, პირველი მოხსენება  გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეროვნული უმცირესობების ენობრივი უფლებების დაცვა ”მთავარ გამოწვევად” რჩება.

მოხსენებას თან ახლავს საქართველოს მთავრობის კომენტარებიც რომელშიც 40 გვერდზე მოყვანილია მთავრობის პასუხები მოხსენებაში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ კომიტეტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს მიერ 2005 წელს ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის რატიფიკაციამ გამოიწვია ”დებატები ეროვნული უმცირესობების დაცვის მიზნით უფრო ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზის შემოღებასთან დაკავშირებით”.

მრჩეველთა კომიტეტი ”კმაყოფილებით აღნიშნავს”, რომ საქართველოს მთავრობა ყურადღებას ამახვილებს ტოლერანტობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის საჭიროებაზე და იმედს გამოთქვამს, რომ ტოლერანტობის და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფცია, რომელის სამოქმედო გეგმაც მთავრობამ უკვე დაამტკიცა, ”ეფექტიანად განხორციელდება”.

”ეროვნულ უმცირესობებს შორის ენობრივი უფლებების დაცვა მთავარ გამოწვევას წარმოადგენს,” – ნათქვამია მოხსენებაში. ”ბევრი მათგანი ქართულ ენას – რომელიც სახელმწიფო ენაა – შეზღუდულად ფლობს და ხელისუფლების მცდელობები, რომ მათ სწავლის შესაძლებლობა შესთავაზონ, ადეკვატურისგან შორს არის.”

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ საჭიროა დამატებითი ზომების მიღება, რათა უზრუნველყოფილ იქნას განათლებაზე, მათ შორის უმაღლეს განათლებაზე ეროვნული უმცირესობების თანაბარი ხელმისაწვდომობა.

საქართველოს განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ ოქტომბერს განაცხადა, რომ იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენენ, ეროვნული გამოცდების ჩაბარება გამარტივდება.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ”კვლავ შეზღუდულია”.

მოხსენებაში ”შეშფოთებაა” გამოხატული ”გაზრდილი რელიგიური დაძაბულობის გამო, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებზე”.

”ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა შეებრძოლოს ამ ფენომენს, ისევე როგორც ზოგადად ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებაზე დაფუძნებული შეუწყნარებლობის ყველა ფორმას,” – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად, რელიგიასთან მიმართებაში ეროვნული უმცირესობების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას რელიგიური ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსი და მათი რეგისტრაციაა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მაშინ როდესაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებულია და დაცულია როგორც ეკლესია და საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, სხვა რელიგიურ ჯგუფებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მხოლოდ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ან არაკომერციული კერძო სამართლის პირები, ”ამრიგად ისინი ვერ სარგებლობენ იგივე პირობებით თავიანთი რელიგიური საქმიანობის განხორციელების კუთხით”.

”გარდა ამისა, სხვადასხვა წყაროები იტყობინებიან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქიის მხრიდან მტრული მიდგომის შესახებ, რომლითაც ის, როგორც ჩანს, ცდილობს თავისი დომინანტური პოზიცია გაიმყაროს სხვა სარწმუნოებების ხარჯზე,” – ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარებში, რომელიც მოხსენებას ერთვის, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და სხვა დარეგისტრირებული რელიგიური ჯგუფების სტატუსს შორის განსხვავებები ”მეტწილად სიმბოლურია”.

”[სხვა რეგისტრირებული რელიგიური ჯგუფები] იგივე სამართლებრივი დაცვით და მათი რელიგიური საქმიანობის პატივისცემით სარგებლოვენ, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. ერთადერთი უმნიშვნელო განსხვავება საგადასახადო შეღავათებშია. ამგვარი პრაქტიკა შეესაბამება იმ ევროპულ გამოცდილებას, რომელიც დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის და სხვების მიერ გამოიყენება. საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ნებისმიერი მცდელობა სპეციალური სტატუსი მიენიჭოთ რელიგიურ ჯგუფებს დეფინიციასთან დაკავშირებით მხოლოდ ზედმეტ კამათს გამოიწვევს და რაიმე პრაქტიკული სხვაობის მომტანი არ იქნება,” – აცხადებს საქართველოს მთავრობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)