ბეჟუაშვილი რუსეთთან სასაზღვრო რაიონებში პროვოკაციების რისკზე საუბრობს

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა 28 ოქტომბერს, რომ საქართველო-რუსეთის სასაზღვრო რაიონებში პროვოკაციების რისკი არსებობს. 

ბეჟუაშვილი და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი ზაზა გოგავა პარლამენტში არსებული ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

”რისკები პროვოკაციების არის,” – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა. ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთლიანი სასაზღვრო ზოლი წარმოადგენს საფრთხეს რუსეთთან, ვინაიდან გამოყენებული იქნება სხვადასხვა პროვოკაციებისთვის – საზღვაო ზოლიც არის სარისკო ზონა. ჩვენ გაგვაჩნია ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციები შეიძლება იყოს, ჩვენ პრევენციაზე ვიმუშავებთ”.  

ნდობის ჯგუფის შეკრება ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ მოითხოვა. პარტიის თქმით, ამგვარი შეხვედრა საჭირო გახდა იმ შესაძლო საფრთხეების განსახილველად, რომელიც უკავშირდება რუსეთის უსაფუძვლო ბრალდებებს, რომ თითქოს საქართველო მებრძოლებს ჩრდილეოთ კავკასიის რესპუბლიკებში გადასვლაში ეხმარება.

სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა ზაზა გოგავამ უთხრა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რომ რუსეთთან საზღვრის კონტროლირებად რაიონებში საზღვრის დარღვევის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული 2009 წლის განმავლობაში.
 
”წმინდა წყლის ტყუილია, რომ  რაღაცა ჯგუფები საქართველოს ტერიტორიიდან გადადის მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე,” – განაცხადა მან. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)