სააკაშვილი მიმართავს ევროპელებს ახსოვდეთ რუსეთის აშენებული გამყოფი ხაზები საქართველოში
ევროპა ”წყნარად ვერ დაიძინებს”, სანამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი განცალკევებული რჩება დანარჩენი საქართველოსგან რუსეთის მიერ აგებული მავრთულხლართებით, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ნოემბერს.
სააკაშვილმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში განთავსებული რუსული ჯარები ”დინოზავრებს” შეადარა და აღნიშნა, რომ ”ეს დინოზავრები თავისი დინოზავრული წარმოდგენებით და დინოზავრული პატარა ტვინით” ადმინისტრაციულ საზღვრებზე მავრთულხლართებს აგებენ, რომლებიც ათასობით დევნილ ოჯახს თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.
”დღეს, როდესაც ევროპა აღნიშნავს ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავს … საქართველოში მავრთულხლართი გადის,” – განაცხადა მან.
”აქ გადის საზღვარი თავისუფლებასა და არათავისუფლებას შორის, აქ არ არის არც ადმინისტრაციული, არც რაიმე სხვა საზღვარი; აქ არის ოკუპაციის ხაზი; არასდროს მე არ მოვიხსენიებ მას როგორც საზღვარს – ან ადმინისტრაციულს, ან პოლიტიკურს – ეს არის ოკუპაციის ხაზი… ეს არის საზღვარი ადამიანებსა და არაადამიანებს შორის, რომელთაც შეუძლიათ ბავშვები დაიჭირონ და ციხეებში ჩასვან; ეს არის საზღვარი წარსულსა და მომავალს შორის და მომავალი ეკუთვნის საქართველოს და თავისუფლებას”.
”მე მინდა ყველა ევროპელმა პოლიტიკოსმა – რომელთა უმეტესობა, რა თქმა უნდა, დაგვიდგა გვერდზე – ყოველ ჯერზე, როცა ვისაუბრებთ კეთილმეზობლობაზე, ან თუნდაც ურთიერთობების განვითარებაზე ამ მიწის ოკუპანტთან, კარგად გაიხსენონ თავისი კედელი და კარგად გაიხსენონ ეს მავრთულხლართები, რომელიც ყოფს დღეს ამ ხალხს თავისი კარმიდამოსგან, თავის მიწასთან გასწორებული სახლებისგან,” – განაცხადა მან.
სააკაშვილმა ეს განცხადება 100 დევნილი ოჯახისთვის გორის რაიონის სოფელ საქაშეთში სახლების გადაცემის ცერემონიაზე გააკეთა. სახლები თურქეთის თანამშრომლობის და განვითარების საერთაშორისო სააგენტოს დაფინანსებით აშენდა. ცერემონიას ასევე ესწრებოდა თურქეთის სახელმწიფო მინისტრი ფარუქ ჩელიქი.
”მე არასდროს დამავიწყდება ის, რაც თურქეთმა გააკეთა ჩვენთვის… ჩვენ გვყავს მეზობელი, რომელიც ანგრევს და ჩვენ გვყავს მეზობელი, რომელიც გვიშენებს,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, წარსულში არც თურქეთთან ურთიერთობები ყოფილა ადვილი. ”იმედი მაქვს, რუსეთი გადაიღებს თურქეთის მაგალითს, თუ მას სურს იყოს ისეთივე თანამედროვე და წარმატებული, როგორიც დღეს თურქეთია,” – დასძინა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)