პოლიციამ სამკაციანი აქციის მონაწილეები დააკავა
მოძრაობა ”7 ნოემბრის” სამი აქტივისტი, რომლებიც ორშაბათს საღამოს დააპატიმრეს, როგორც პოლიციამ აღნიშნა, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის გამო, თითოეულზე 500 ლარის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
პოლიციამ დაჩი ცაგურია, ჯაბა ჯიშკარიანი და ირაკლი კორძაია მაშინ დააპატიმრა, როცა სამი აქტივისტი პარლამენტის წინ იდგა.
სამკაციანი აქციის ორ მონაწილეს ამირან რობაქიძის და სანდრო გირგვლიანის სურათები ეკავათ, ხოლო მესამეს ინგლისურენოვანი ბანერი – ”საზოგადოებრივი ტელევიზია ხალხისთვის”.
პარლამენტის შენობასთან მისვლიდან ცოტა ხანში მათთან მივიდა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, რამოდენიმე პოლიციელის თანხლებით და უთხრა, რომ ისინი დაპატიმრებული არიან შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის გამო, რომელიც მიტინგის პარლამენტის შენობიდან 20 მეტრის რადიუსში გამართვას კრძალავს.
აქტივისტები დაემორჩილდნენ პოლიციელებს და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაყვნენ მათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)