პოლიცია გაზეთ ”ბათუმელების” საქმეს იკვლევს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ  დაიწყო გაზეთ ”ბათუმელების” ბრალდების გამოკვლევა იმასთან დაკავშირებით, რომ მის ჟურნალისტს სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები აშანტაჟებდნენ.

შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა რომ საქმეში ”აშკარა შანტაჟის ნიშნებია”.

1 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემისთვის – ”დიალოგი დავით პაიჭაძესთან” –  მიცემულ მოკლე ინტერვიუში უტიაშვილმა განაცხადა: ”ვინც ეს ჩაიდინა აუცილებლად დაისჯება… გენერალური ინსპექცია ძალიან ინტენსიურად მუშაობს ამ საკითხზე… იმედია უახლოეს მომავალში გაირკვევა ვინ იყვნენ ეს ადამიანები… ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს ამოცნობის პროცესი.”

”ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ იმავე გადაცემაში განაცხადა, რომ გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ამოსაცნობად წარუდგინეს ფოტოსურათები, თუმცა, მისი თქმით, ამ ფოტოებს შორის არ ყოფილა არც ერთი იმ სამ პიროვნებას შორის, რომლებიც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის განყოფილების შენობაში გაზეთის ჟურნალისტზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

გაზეთ ”ბათუმელების” საქმე ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი ტელეარხების საინფორმაციო გამოშვებების ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გადაცემამ, რომელსაც ჟურნალისტი დავით პაიჭაძე უძღვება და რომელიც კვირაში ორჯერ გადის, ამ საკითხს 1 დეკემბრის გამოშვების მთელი საეთერო დრო დაუთმო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)