რუსეთის მიმართულებით ჩარტერული რეისები შესრულდება

ქართული ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისი” 8, 9 და 10 იანვარს ჩარტერულ რეისებს განახორციელებს მოსკოვის მიმართულებით, რაც ომის შემდეგ პირველი საჰაერო ფრენები იქნება ორ ქვეყანას შორის.

კომპანიის განცხადებით, მოსკოვიდან შესაბამისი თანხმობა უკვე მიღებულია.

”ჯორჯიან ეარვეისი” ჩარტერულ ფრენებს თავდაპირველად 26 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ითხოვდა, თუმცა ფრენების შესრულება წინასაახალწლოდ ვერ მოხერხდა, რაშიც თბილისმა და მოსკოვმა ურთიერთბრალდებებით ერთმანეთი დაადანაშაულეს. მოგვიანებით, კომპანიამ რუსულ მხარეს ჩარტერულ რეისების 6 იანვრიდან 25 იანვრამდე დანიშვნის თხოვნით მიმართა, თუმცა თანხმობა ჯერ მხოლოდ სამ დღეზე მიიღო.

კომპანია ასევე ითხოვდა რეგულარული რეისების აღდგენას 5 იანვრიდან, რაზეც მოსკოვის დასტური ჯერ არ არსებობს.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა  ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი ორ ქვეყანას შორის. ფრენები 2008 წლის გაზაფხულზე აღდგა, თუმცა მალევე შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)