ნოღაიდელი მოსკოვს ეწვევა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა 26 იანვარს, რომ მომავალ თვეში ის მოსკოვს ეწვევა და ”თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას” მოაწერს ხელს რუსეთის მმართველ პარტიასთან.

ნოღაიდელი გასული წლის ბოლოს ოთხჯერ სტუმრობდა რუსეთს, ხოლო მისი ბოლო ვიზიტის დროს დეკემბრის ბოლოს ის რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა მისი ამგვარი ქმედება გააკრიტიკა.

ნოღაიდელმა თავისი ქმედების გასამართლებლად განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში ჩართვის მისეული ტაქტიკა ”მუშაობს” და ამის მაგალითად დეკემბერში სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ სამი ქართველი მოზარდის გათავისუფლება და იანვარში ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვში სამი ჩარტერული რეისის განხორციელება დაასახელა. ქართველი მოზარდები დეკემბერში გაათავისუფლეს მხარეებს შორის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამერბერგის ინტენსიური შუამავლობის შედეგად. გათავისუფლება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ნოღაიდელი ცხინვალს სტუმრობდა, სადაც ის სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა.

26 იანვარს ნოღაიდელის პარტიამ თბილისში საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე კონფერენციას უმასპინძლა – ამ ღონისძიებას ოპოზიციური პარტიების უმეტესობა არ დასწრებია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კონსერვატორების და ხალხის პარტიის ლიდერებმა.

”ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოებაში დანერგოს შეხედულება, რომლის მიხედვითაც, ვისაც რუსეთთან დიალოგი სურს, ის საქართველოს დასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგება და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს,” – განაცხადა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წარმომადგენელმა პეტრე მამრაძემ.

კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ დროა ”მოიხსნას ტაბუ” რუსეთთან ურთიერთობების და ნატოში ინტეგრაციის შესახებ დისკუსიებზე.   

”თუ მოსკოვი მზად იქნება იმისთვის, რომ საქართველოს მიერ ნატო-ში შესვლაზე უარის თქმის სანაცვლოდ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დათანხმდეს, ამ ფასის გადამხდელები ნამდვილად ვართ. მაგრამ თუ რუსეთი მოითხოვს, უარი ვთქვათ დამოუკიდებლობაზე, დემოკრატიულ განვითარებაზე და ქვეყნის მთლიანობაზე, ამაზე, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებით", – განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა, თან იქვე დასძინა, რომ ”დიალოგი მტერთანაც კი აუცილებელია”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)