”პირველი კავკასიურის” გამო Eutelsat-თან დავა გრძელდება

ამჟამად ”პირველი კავკასიური” ინტერენტის მეშვეობით არის ხელმისაწვდომი, ხოლო საქართველოში მის მაუწყებლობას საკაბელო ქსელები უზრუნველყოფენ.


საზოგადოებრივი მაუწყებელი სამ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს სატელიტურ მაუწყებლობის უზრუნველყოფაზე მას შემდეგ, რაც ევროპის წამყვან ოპერატორ კომპანია Eutelsat-თან ”პირველი კავკასიურის” სატელიტური მაუწყებლობის გაგრძელებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

ამის შესახებ Civil-ge-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ  1 თებერვალს განუცხადა. თუმცა მან არ დააკონკრეტა პოტენციური პარტნიორი კომპანიები, რომლებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.  

მისი განცხადებით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს პარიზის სასამართლოში უჩივლოს Eutelsat-ს, რომელთანაც მოლაპარაკებები, მისი თქმით, ”რუსეთის ზეწოლის შედეგად” უშედეგოდ დასრულდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ Eutelsat-მა ”ვერ შეძლო საკუთარი გადაწყვეტილების ლოგიკურად ახსნა”.

”პირველი კავკასიური” Eutelsat-ის მეშვეობით სატელიტზე 15 იანვრიდან გადიოდა, თუმცა გასულ კვირაში მისი მაუწყებლობა შეწყნდა. 

Eutelsat-მა არხის მაუწყებლობა იმ მოტივით შეაჩერა, რომ საცდელ პერიოდს ვადა გაუვიდა, ხოლო ახალი კონტრაქტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჯერ არ ჰქონდა გაფორმებული.

არხი Eutelsat-ის ახალ W7 სატელიტზე 36 გრადუსზე გადიოდა (W7 – 36° East), რაც რუსეთსა და დსთ-ს სხვა სახელმწიფოებში, ასევე ევროპასა და აფრიკაში მაუწყებლობის საშუალებას იძლევა. ბევრი რუსული არხი ანალოგიური მდებარეობიდან არის ხელმისაწვდომი.

პარიზში განთავსებული კომპანია, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს სთავაზობდა რომ ”პირველი კავკასიური” სხვა პარამეტრებზე განთავსებულიყო, თუმცა როგორც ჩანს შემოთავაზებული ვარიანტები არხის სამიზნე აუდიტორიის არეალს კარგად ვერ ფარავს.

”Eutelsat-მა ახალი პირობები შემოგვთავაზა, რომლებიც სრულიად მიუღებელია ჩვენთვის,” – განაცხადა გია ჭანტურიამ.

Eutelsat-ის წარმომადგენელმა კატეგორიულად უარყო რუსული ზეწოლის არსებობა და განაცხადა, რომ კომპანია კვლავაც აგრძელებს ქართულ მხარესთან მოლაპარაკებას და რომ კომპანიას არანაირი საფუძველი არ გააჩნია უარი უთხრას მომსახურეობაზე.

ამჟამად ”პირველი კავკასიური” ინტერენტის მეშვეობით არის ხელმისაწვდომი, ხოლო საქართველოში მის მაუწყებლობას საკაბელო ქსელები უზრუნველყოფს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)