სამართლიანი არჩევნები უკრაინაში მეორე ტურს დააკვირდება
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგის მისიაში მონაწილეობას განაგრძობს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა 3 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, რომ საქართველო აღარ გააგზავნის თავის დამკვირვებლებს უკრაინაში, რადგანაც ქართველი დამკვირვებლების საკითხმა ”აზრთა სხვადასხვაობა” და ”გაუგებრობა” გამოიწვია პირველი ტურის დროს. მან ასევე მოუწოდა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არიან მიწვეული და აკვირდებიან არჩევნებს, ”დაბრუნდნენ სამშობლოში”.
იმ ქართველ დამკვირვებლებს, რომლებიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით უწევდნენ მეთვალყურეობას, აკრედიტაციაზე არანაირი პრობლემები არ შექმნიათ უკრაინის ცესკოს მხრიდან განსხვავებით საქართველოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში წარდგენილი 2 ათასზე მეტი დამკვირვებლისგან, რომელთა დარეგისტრირებაზეც უკრაინის ცესკომ უარი განაცხადა. პრეზიდენტის განცხადება არ განმარტავს, თუ რატომ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს დატოვონ სადამკვირვებლო მისიები.
სამართლიანი არჩევნები უკრაინის არჩევნების პირველ ტურს არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის, ENEMO-ს შემადგენლობაში აკვირდებოდა.
”სამართლიან არჩევნებს, ისევე როგორც სხვა ENEMO-ს წევრ სადამკვირვებლო ორგანიზაციას აქვს აღებული ვალდებულება ENEMO-ს მისიის წინაშე და შესაბამისად, პასუხისმგებელია მისიის მუშაობის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სამართლიანი არჩევნები დარჩება ENEMO-ს მისიის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული,” – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)