აშშ-ის დაფინანსებით საქართველოს სანაპირო დაცვისთვის სარადარო სადგური გაიხსნა

გონიოში 1 მარტს ახალი სარადარო სადგური გაიხსნა, რომელიც საქართველოს სანაპირო დაცვას საზღვაო სანაპიროს წარმატებით გაკონტროლებასა და კონტრაბანდის აღკვეთაში დაეხმარება.
 
502 000 აშშ დოლარის ღირებულების სარადარო სადგური ბოლოა იმ ოთხი სადგურიდან, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით გაიხსნა. დანარჩენი სამი სადგური განთავსებულია და წარმატებით ფუნქციონირებს ანაკლიაში (სამეგრელო-ზემო სვანეთი), სუფსასა (გურია) და ჩაქვში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა).

”აღნიშნულ სარადარო სადგურებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში,” – განაცხადა აშშ-ის საელჩომ თბილისში.

სარადარო სადგური ააშენა ქართულმა კონტრაქტორმა კომპანია “ლინდს”-მა, აშშ-ის არმიის საინჟინრო კორპუსის ზედამხედველობის ქვეშ. გონიოს პროექტი 2008 წელს დაიწყო და 2009 წელს დასრულდა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში “საქართველოს საზღვრის დაცვისა და კანონის განმტკიცების” პროგრამით საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაეწიათ.

საქართველო-რუსეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყაზბეგის რაიონში, რომელიც 1 მარტს გაიხსნა, გასულ წელს აშშ-ის დახმარების პროგრამის ფარგლებში იქნა მოდერნიზებული.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)