იაკობაშვილი: საქართველოს უნდა ჰქონდეს თავდაცვითი იარაღის შეძენის საშუალება
თავდაცვითი შეიარაღების შეძენის შესაძლებლობა და ნატოში გაწევრიანება იმ ძირითად ფაქტორებს შორისაა, რაც საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 2 მარტს.
მან ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის “მისტრალის” ტიპის უნივერსალური სადესანტო ხომალდის შესაძლო მიყიდვაზე საუბრობდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამოდენიმეჯერ გამოხატეს შეშფოთება შესაძლო გარიგების თაობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ პარიზი თბილისის ამ შეშფოთების თაობაზე ინფორმირებულია.
”ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას მე ვხედავ ორ საკითხში: პირველი, საქართველო დროზე უნდა მიიღონ ნატოში იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევეჯიბრებით რუსეთს ვერც ”მისტრალების” და ვერც სხვა შეიარაღების ყიდვაში და მეორე, რომ ჩვენ გვქონდეს საშუალება თავდაცვითი იარაღი შევიძინოთ; მე ვფიქრობ, რომ ”მისტრალის” გაყიდვის შემდეგ ეს საკითხი საერთოდ უნდა მოიხსნას. ჩვენ გვაქვს უფლება დავიცვათ საკუთარი თავი და რაც დაგვჭირდება ჩვენ ამისათვის, იმის შეძენის საშუალება უნდა გვქონდეს, თუნდაც იგივე საფრანგეთისგან,” – განაცხადა იაკობაშვილმა.
1 მარტს პარიზში რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა: ”როგორ შეიძლება ვუთხრათ რუსებს: ’თქვენ რამოდენიმე პრობლემის, მათ შორის ირანის კრიზისის, მოსაგვარებლად გვჭირდებით, მაგრამ არ გენდობით და ამიტომ ვერ ვიმუშავებთ თქვენთან ”მისტრალის” საკითხზე’?”
”ეს არის ჩვენ ქვეყნებს შორის ნდობის სიმბოლო,” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა იმავე პრესკონფერენციაზე. ”ვიმედოვნებ, რომ ეს მოლაპარაკებები [”მისტრალზე”] წარმატებით დაგვირგვინდება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)