ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა
ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი დღეს მოსკოვში გაემგზავრა.
”მივდივარ იმისათვის, რომ დავიცვა ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ინტერესები იმიტომ, რომ ქვეყანა, სადაც მე მივემგზავრები არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, ერთ-ერთი ძალიან დიდი და ძლიერი სახელმწიფო და ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფოს პოზიცია საქართველოს ერთიანობისათვის და საქართველოს დემოკრატიული და სუვერენული განვითარებისთვის,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს გამგზავრებამდე.
მისი თქმით, ის ”დიდი პოლიტიკითაა” დაკავებული.
”მაშინ როცა ზოგი მერის არჩევნებით არის დაკავებული და ხელისუფლება კიდევ არის დაკავებული ოპოზიციის წინააღმდეგ შავი პიარით, მე დიდ პოლიტიკას ვაკეთებ,”- განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.
მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა მისი პარტიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილია ბურჯანაძის სტუმრობა ბრიუსელში, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებსა და აშშ-ში.
ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს მიესალმა ზურაბ ნოღაიდელი, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც პირველი იყო ოპოზიციური სპექტრიდან, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა, ერთ-ერთი ვიზიტის დროს პრემიერ პუტინსაც შეხვდა და ასევე, გააფორმა ხელშეკრულება რუსეთის მმართველ პარტიასთან.
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონმა ნინომ შეცვალა მისი ადრე გამოცხადებული დამოკიდებულება… რომ მხოლოდ და მხოლოდ წინაპირობების შესრულების შემთხვევაში უნდა დაწყებულიყო რუსეთთან დიალოგი. გახსოვთ თქვენ, ცოტა ხნის წინ ამაზე ჰქონდა მას საუბარი, რომ ჯერ უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია,”- განუცხადა ”რუსთავი 2”-ს ნოღაიდელმა, ”მე მგონი თვითონაც და ყველაც დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენი წინაპირობების და ჩვენი ულტიმატუმების მაინცდამაინც არავის არ ეშინია და ეს დიალოგი საჭიროა იმისათვის, რომ საქართველომ სწორედ ამ დეოკუპაციისა და გაერთიანების შანსი დაიბრუნოს ამ დიალოგის შედეგად”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)