ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სოხუმს ეწვევა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები დღეს საღამოს სოხუმში ჩასვლას გეგმავს.

12 მარტს დაგეგმილია მისი შეხვედრები სეპარატისტული რეგიონის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნუგზარ აშუბასთან და პრემიერ-მინისტრთან სერგეი შამბასთან.

საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის (International Crisis Group – ICG) მოხსენებაში, რომელიც თებერვალში გამოქვეყნდა და რომელიც აფხაზეთს ეხება, ნათქვამია, რომ 2009 წლის დეკემბერში ევროკავშირის პოლიტიკურმა და უსაფრთხოების კომიტეტმა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისგან დაკომპლექტებული ორგანო) მიიღო შიდა მოხმარების, არასაჯარო დოკუმენტი ”აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ევროკავშირის არაღიარების და ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკის პარამეტრების შესახებ.”

მოხსენების თანახმად, ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს იმ პოლიტიკური და სამართლებრივი სივრცის გამოძებნას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი ურთიერთქმედებას დაამყარებს სეპარატისტულ რეგიონებთან, ”სტატუსის შესახებ წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე, რითიც ხაზს გაუსვამს ჩართულობისადმი მის სტრატეგიულ ინტერესს, რათა კონფლიქტრის მოგვარების ხელშეწყობისთვის საკუთარი ბერკეტები გაზარდოს”.

ამავე ანგარიშის თანახმად, ევროკომისიის წარმომადგენლებს, რომლებიც აფხაზეთს 2010 წლის იანვარში სტუმრობდნენ, ”დარჩათ შთაბეჭდილება, რომ მათი [აფხაზი] თანამოსაუბრეები მზად იყვნენ თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავებისთვის.” 

თუმცა, აფხაზეთის ერთ-ერთ ”ცნობილ” ოპოზიციურ პოლიტიკოსზე დაყრდნობით, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირისადმი დამოკიდებულება აფხაზეთში არაერთგვაროვანია და რომ ადგილობრივ პოლიტიკურ სპექტრში ყველა არ იზიარებს აფხაზეთის მთავრობის ”ზოგადად პოზიტიურ შეხედულებას” ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ, მეტწილად იმიტომ, რომ ისინი ”პრო-ქართულებად” აღიქმებიან.

ანგარიშში საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი ურჩევს ევროკავშირს ”განაგრძოს ან განაახლოს კონტაქტები აფხაზეთის ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებრივ ჯგუფებთან – მათ შორის ადგილზე ვიზიტებით – აფხაზეთის ლეგიტიმაციის ან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების ან საქართველოს სუვერენიტეტის სხვაგვარად შელახვის გარეშე”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)