დეპუტატებმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე იდავეს
დეპუტატებმა 26 მარტს ხანმოკლე დებატები გამართეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს თბილისის პოზიცია მოსკოვთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.
დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან ნიკა ლალიაშვილმა ჰკითხა მმართველი პარტიის დეპუტატებს, თუ რატომ არ უგზავნის საქართველოს ტრანსპორტის ადმინისტრაცია თხოვნას რუსეთის შესაბამის სტრუქტურას ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე.
თვის დასაწყისში ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ მოუწოდა ხელისუფლებას რუსეთთან შვეიცარიის შუამავლობით მოლაპარაკებების იგივე პრაქტიკას მიმართოს, რაც ორ ქვეყანას შორის ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნისას იქნა გამოყენებული და პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე მოსკოვთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
თუმცა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა უპასუხა, რომ რუსეთმა შეწყვიტა ფრენები და ამიტომ თავად რუსეთმა უნდა მიმართოს საქართველოს ფრენების აღდგენის თაობაზე.
”საქართველოსთვის პრიორიტეტს დეოკუპაცია წარმოადგენს და ჩვენ, პირველ რიგში, დეოკუპაციაზე უნდა ვილაპარაკოთ,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ მოსკოვში წასვლის მსურველებს, ამის გაკეთება მესამე ქვეყნის გავლით შეუძლიათ.
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ სამი ”საერთაშორისო ფრენა” არ იქნება მოსკოვიდან საქართველოში – თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.
აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა მოსკოვი-სოხუმის პირდაპირი ფრენების ორგანიზებასთან დაკავშირებით. სეპატარისტულ სამხრეთ ოსეთში აეროპორტი არ არსებობს.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ამბობს ხელისუფლება უარს ”რაციონალურ მიდგომაზე”. მისი თქმით, შვეიცარიის საელჩოს საშუალებით რუსეთის სატრანსპორტო ადმინისტრაციაში ერთი მიმართვის გაგზავნა ქვეყანას არაფერს ავნებს.
მას შემდეგ რაც იანვრის შუა რიცხვებში სამი ჩარტერული ფრენა განხორციელდა ორ ქვეყანას შორის, რუსეთმა უარი უთხრა ქართულ ავიაკოამპანიას ”ჯორჯიან ეარვეისს” რეგულარული ფრენების აღდგენაზე, რადგანაც მისი განცხადებით, ეს საკითხი ორი ქვეყნის საავიაციო ადმინისტრაციების განსახილველი იყო. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინიციატივა მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე თბილისს ეკუთვნოდა.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი. ფრენები 2008 წლის მარტში აღდგა, თუმცა მალევე შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)