საქართველოს ხელისუფლება სამძიმარს გამოთქვამს კაჩინსკის დაღუპვის გამო

საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ღრმა მწუხარება გამოხატეს პოლონელი ხალხის მიმართ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული დაღუპვის გამო.

პოლონეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა Tu-154 თვითმფრინავის სმოლენსკის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდნის შედეგად. თვითმფრინავში მყოფი სულ ცოტა 96 მგზავრი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.

”მინდა მივუსამძიმრო პოლონელ ერს, გამოვხატო ჩემი სამძიმარი იმ უდიდეს დანაკარგთან დაკავშირებით ამ დიდი პიროვნების, რომელიც ქართველი ერის მეგობარი იყო,”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.

”ჩვენ დავკარგეთ დიდი მეგობარი, პოლონეთმა დაკარგა ლიდერი და ევროპამ დაკარგა სახელმწიფო მოღვაწე…   მთელი თავისი მოღვაწეობით, მთელი თავისი საქმიანობით, როგორც პრეზიდენტი, პრეზიდენტი კაჩინსკი ყოველთვის იყო საქართველოს გვერდით,” –  განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

”ეს არის უდიდესი ტრაგედია არა მხოლოდ პოლონელი ერისთვის, არამედ ჩვენთვისაც იმიტომ, რომ ეს კაცი იყო არა მარტო დიდი მოღვაწე ევროპაში, არამედ იყო ჩვენი ქვეყნის პატრიოტი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი და ყველა თავისუფლების მოყვარე ერისთვის ეს არის ძალიან დიდი დანაკარგი,”- განაცხადა თემურ იაკობაშვილმა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

”როცა რუსეთის ტანკები ჩვენს პოზიციებს უტევდნენ, ჩვენ ქალაქებს უტევდნენ და რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ საქართველოს, მაშინ სწორედ ის [ლეხ კაჩინსკი] იყო ინიციატორი იმისა, რომ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რამოდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი ერთად შეკრებილიყო და მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა და პირდაპირი მუქარისა, რომ შეიძლება მათი თვითმფრინავი ჩამოაგდონ, ისინი მაინც ჩამოვიდნენ საქართველოში და პრეზიდენტი კაჩინსკი ჩვენს გვერდით იყო მაშინ, როცა საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა,”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ, სახელმწიფო მინისტრმა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)