ოფიციალური პირების თქმით, საქართველოს დელეგაცია პოლონეთში შეზღუდული საჰაერო მიმოსვლის გამო ვერ გაემგზავრა
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ფერფლის გამო შეფერხებული საჰაერო მიმოსვლის შედეგად საქართველოს მთავრობის წევრების და დეპუტატების ჯგუფმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, შაბათს პოლონეთში გამგზავრება ვერ შეძლო.
ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, საქართველოს დელეგაცია პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა პანაშვიდს უნდა დასწრებოდა ვარშავაში.
”ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩასვლას,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ შაბათს აეროპორტში.
მისი თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, გეგმავს, რომ გარდაცვლილი პრეზიდენტის დასაფლებას დაესწროს კრაკოვში. ”იმედი მაქვს, რომ ხვალ პირობები გაუმჯობესდება და პრეზიდენტი შეძლებს კრაკოვში ჩასვლას,” – აღნიშნა ბაქრაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)