საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბოლივიას და ეკვადორს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ნალბანდოვი მიმდინარე კვირას ბოლივიას და ეკვადორს ეწვევა ”ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დასამყარებლად კონკრეტული კონსულტაციების გამართვის” მიზნით, განაცხადა საგარეო უწყებამ 19 აპრილს.  

ვიზიტს ერთი თვით ადრე წინ უძღოდა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას ვიზიტი ლათინური ამერიკის რამოდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ბოლივიასა და ეკვადორში. ვიზიტის შემდეგ ღვინჯიამ განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ ეკვადორი და ბოლივია მიბაძავენ რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს აფხაზეთის აღიარების საქმეში.

19 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ ამ ორი ლათინურ ამერიკული სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის ”აღიარების საფრთხე არ არსებობს”.

”კონკრეტულად ამ ორი ქვეყნის მიმართ ასეთი შიშები არ ყოფილა იმდენად, რამდენადაც ჩვენს ქვეყნებს შორის ეს პირველი კონტაქტი არ არის,” – განაცხადა ჯალაღანიამ. ”ჩვენ პერმანენტულად ვატარებდით კონსულტაციებს გაერო-ში, სხვა ჩვენი საელჩოების მეშვეობით ამ ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და შესაბამისად, მუდმივი კონტაქტი გვქონდა”.

მისი თქმით, საქართველოს და ბოლივიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმდება.

”რუსეთის მცდელობები, რომელიც შეიძლება დასახელდეს როგორც დამოუკიდებლობის აღიარების ყიდვის პროპაგანდისტული მექანიზმი თუ მანქანა, საკმაოდ წარუმატებელია. მათ მხოლოდ ნიკარაგუა და რამოდენიმე კრიმინალური და ტერორისტული ორგანიზაცია გამოეხმაურა. ნაურუს აღარც ვახსენებ გასაგები მიზეზების გამო,” – განაცხადა ჯალაღანიამ.

 

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)