ლეიბორისტები ოპოზიციას არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ

ლეიბორისტულმა პარტიამ შალვა ნათელაშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს ბოიკოტი გამოუცხადონ 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებს.

”კიდევ ერთხელ და საბოლოოდ მივმართავ ჩვენს ძვირფას კოლეგებს ოპოზიციიდან: მეგობრებო, დავდგეთ საკუთარ გრძნობებზე მაღლა. ნუ მიიღებთ მონაწილეობას ტერორისტული რეჟიმის მიერ საკუთარი ტყავის გადასარჩენად მოწყობილ ხაფანგში,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა 18 მაისს.  

”ჩავუშალოთ ეს ე.წ. არჩევნები ხელისუფლებას, რაც იქნება მათი გარდაუვალი დასასრული,” – განაცხადა მან.

ნათელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება, შსს-ის სტრუქტურების მეშვეობით, მის პარტიას 4 მილიონ ევროს სთავაზობდა, რათა ლეიბორისტული პარტია არჩევნებში მონაწილეობაზე დაეყოლიებინა.

ნათელაშვილი, პარტიის კიდევ სამ წევრთან ერთად, ოფიციალურად ფლობს პარლამენტის წევრის სადეპუტატო მანდატს; თუმცა, ლეიბორისტული პარტია პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს და მის სხდომებში არ მონაწილეობს. 

მომავალ ადგილობრივ არჩევნებს ასევე ბოიკოტს უცხადებენ ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო და ეროვნული ფორუმი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)