თბილისსა და მოსკოვს შორის რეგულარულ ფრენებზე მოლაპარაკებების დაწყება არ იგეგმება

ქართულმა ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისმა” დღეს მოსკოვში ჩარტერული რეისების განხორციელება დაიწყო, თუმცა რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება, რადგანაც ამისათვის ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებებია საჭირო, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

ქართულმა ავიაკომპანიამ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან 24 მაისიდან 9 ივნისამდე მოსკოვში პირდაპირი ჩარტერული რეისების განხორციელებაზე ნებართვა მიიღო.

ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ რეგულარული ფრენებისგან განსხვავებით, ჩარტერულ ფრენებს საქართველოს ხელისუფლების რაიმე ჩარევა არ სჭირდება. 
 
”რეგულარული რეისები ვერ განხორციელდება, სანამ ორ სახელმწიფოს დიპლომატიური ურთეირთობა არ გააჩნია,” – განაცხადა მან.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი ორ ქვეყანას შორის. ფრენები 2008 წლის მარტში აღდგა, თუმცა მალევე შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ.

2009 წლის იანვარში ქართულმა ავიაკომპანიამ მოსკოვში სამი პირდაპირი ჩარტერული ფრენა განახორციელა, ხოლო ბოლოს ფრენები აპრილში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შესრულდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)