აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგია რუსეთის მეზობლების სუვერენიტეტს მხარს უჭერს

მოსკოვთან თანამშრომლობის გზების ძიებასთან ერთად, აშშ გააგრძელებს რუსეთის მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ნათქვამია ობამას ადმინისტრაციის მიერ 27 მაისს გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში.

რუსეთთან მიმართებაში დოკუმენტი აღნიშნავს, რომ აშშ დაინტერესებულია ”ძლიერ, სტაბილურ და წარმატებულ რუსეთში, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ნორმებს.” დოკუმენტში ბირთვული გაუვრცელებლობა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით ავღანეთში დასახელებულია იმ ძირითად საკითხებს შორის, სადაც აშშ-სა და რუსეთს საერთო ინტერესები აქვთ და სადაც ვაშინგტონს მოსკოვთან უფრო მეტი პარტნიორობა სურს.

”რუსეთის მიერ ევროპასა და აზიაში პასუხისმგებლობით მოქმედების მიზნით მასთან თანამშრომლობის აქტიურად ძიების პარალელურად, ჩვენ მხარს დავუჭერთ რუსეთის მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,” – ნათქვამია დოკუმენტში.

სტრატეგიის იმ ნაწილში, სადაც ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობაზეა საუბარი, დოკუმენტი ამბობს, რომ აშშ გააგრძელებს ევროკავშირთან თანამშრომლობას, რათა მოხდეს აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის განვითარება.

”ჩვენ გავაგრძელებთ სტაბილურობისა და დემოკრატიის ხელის შეწყობას ბალკანეთში და კონფლიქტების მოგვარებას კავკასიასა და კვიპროსში,” – ნათქვამია დოკუმენტში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)