ეროვნული საბჭო ადგილობრივი არჩევნების შესახებ

ეროვნულმა საბჭომ, რომელიც კონსერვატიულ პარტიას, ხალხის პარტიას და ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის აერთიანებს, განაცხადა, რომ არჩევნების დროს სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა, მათ შორის ამომრჩევლებზე ზეწოლა და ამიტომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ვერ ჩაითვლება.

”შესაბამისად ეროვნული საბჭო არ უერთდება მილოცვებს მმართველი პარტიის მიმართ, ვინაიდან ეს შედეგი არ ეფუძნება საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს,” – აღნიშნა ეროვნულმა საბჭომ 2 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, კოალიცია კვლავაც განაგრძობს ”სამართალწარმოებას გამოვლენილი დარღვევების ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გამოძიების მოთხოვნით”.

ეროვნულმა საბჭომ განაცხადა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციის წარუმატებლობის ”მთავარი მიზეზი” ოპოზიციის დაქსასულობა და ერთიანი კანდიდატის შერჩევაზე უარის თქმა იყო.

ეროვნულმა საბჭომ თბილისის ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 8% მიიღო და მეოთხე ადგილზე გავიდა ნაციონალური მოძრაობის, ალიანსი საქართველოსთვის და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის შემდეგ.

ზოგიერთ რაიონში ეროვნულმა საბჭომ უკეთესი შედეგები მიიღო და სულ ცოტა შვიდ რეგიონალურ ოლქში სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც გაუსწრო. მან ქობულეთის და ხულოს ოლქებში, ასევე დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის ოლქებში მეორე ადგილი დაიკავა მმართველი პარტიის შემდეგ. ამჟამად არსებული შედეგების თანახმად, ეროვნულმა საბჭომ პროპორციული მანდატების მოპოვებისთვის საჭირო 5%-იანი ბარიერი სულ ცოტა 23 ოლქში გადალახა (იხილეთ არჩევნების შედეგების ამსახველი რუქა).

”ეროვნული საბჭო არ მიიჩნევს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ბარიერის გადალახვა არის წარმატება. დღევანდელ საქართველოში წარმატება შეიძლება იყოს მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა… ეროვნული საბჭო აგრძელებს ბრძოლას სააკაშვილის რეჟიმის შეცვლისათვის და ამ პროცესში ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისი ამოცანაც არის ხელისუფლების რეალურად შეცვლა და არა მის ორბიტაზე მოძრაობა,” – განაცხადა კოალიციამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)