სააკაშვილი რუმინეთს სტუმრობს
პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს სტუმრობს, 2 ივნისს თავის კოლეგას ტრაიან ბასესკუს შეხვდა.
რუმინეთის პრეზიდენტმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ თავის ქართველ კოლეგასთან გამართული დისკუსია ”ძალიან შინაარსობრივი” იყო, რომლის დროსაც მათ მთელი რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის რეგიონალური და ორმხრივი ურთიერთობები. მისი თქმით, ეკონომიკურ თანამშრომლობასთან ერთად მათ კონფლიქტებზე და საქართველოს ნატოში მისწრაფებაზეც ისაუბრეს.
რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, დისკუსიის ”მნიშვნელოვანი” ნაწილი მიეძღვნა რუმინეთის მიერ შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც კასპიის გაზის საქართველოს გავლით ევროპაში ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
მაისში აზერბაიჯანის, საქართველოს და რუმინეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიები ბუქარესტში ერთობლივი საწარმოს გახსნაზე შეთანხმდნენ. პროექტი, დაახლოებით, 7 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს გაზსადენით ფოთამდე და შემდეგ ტანკერებით შავ ზღვაზე რუმინეთის პორტ კონსტანტამდე.
რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, რუმინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2009 წელს ორმხრივ ვაჭრობაში 2008 წელთან შედარებით 23%-იანი კლება დაფიქსირდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)