შსს: ”საერთაშორისო ნარკოკარტელის” ხუთი წევრია დაკავებული
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 3 ივნისს, რომ დაკავებულია ”საერთაშორისო ნარკოკარტელის” ხუთი წევრი, რომლებიც საქართველოს გავლით, ლათინური ამერიკიდან თურქეთში დიდი ოდენობით კოკაინის ტრანზიტში მონაწილეობდნენ.
სამინისტროს ინფორმაცით, ამ ჯგუფის მიერ კონტრაბანდის ბოლო შემთხვევას 2009 წლის ივლისში ჰქონდა ადგილი, როდესაც 90 კილოგრამი კოკაინი, რომელიც სატვირთო გემზე ჯართში იყო დამალული, ფოთის პორტში შევიდა. თავად კოკაინი ამოღებული არ არის. სამინისტროს განცხადებით, კოკაინის ეს პარტია მანქანის ბამპერში დამალეს და თურქეთში გადაიტანეს. პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ეზოში იპოვეს მიწაში დამარხული 1.7 მილიონი ევრო.
შსს-ის განცხადებით, ჯგუფს ხელმძღვანელობდა ამჟამად ესპანეთში მცხოვრები, საქართველოში დაბადებული საბერძნეთის მოქალაქე. სამინისტროს ცნობით სწორედ ეს პიროვნება უწევდა ორგანიზებას ნარკოტიკული ნივთიერების ტრანსპორტირებას.
”ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კოკაინი გამოჩნდა დიდი ოდენობით ქართულ ბაზარზე. გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული გამოჩნდეს ბევრად დიდი პარტიები,” – განაცხადა შსს-ის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.
მან განაცხადა, რომ ეს ოპერაცია არ იყო კოორდინირებული უცხოელ სამართალდამცავებთან, თუმცა დასძინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეზე ესპანელ კოლეგებთან თანამშრომლობას გეგმავს და აპირებს გააგზავნოს გამომძიებელთა ჯგუფი ესპანეთში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)