დეპუტატებმა მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებებს დაუჭირეს მხარი
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მესამე მოსმენით მიიღეს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონი, რის საფუძველზეც მომზადდა სამართლებრივი ბაზა მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განსახორციელებლად.
მიღებული ცვლილებებით, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოფა ახალგაზრდობისა და სპორტის სეგმენტი და ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება. შედეგად, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში იქნება პრემიერ–მინისტრი, 17 მინისტრი და 3 სახელმწიფო მინისტრი. ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად წარდგენილია ლადო ვარძელაშვილი, ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის კანდიდატურა.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაერქმევა სახელი და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეწოდება; ამ სამინისტროს სათავეში ჩაუდგება ვერა ქობალია, არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა დაბრუნდა კანადიდან საქართველოში საცხოვრებლად.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში გადავა ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, რომელიც რეგიონული მართვისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდა. ამ უკანასკნელი სამინისტროს ხელმძღვანელი გახდება რამაზ ნიკოლაიშვილი, საგზაო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
და ბოლოს მიღებული ცვლილებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მომუშავე უწყებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დაერქმევა.
მიმდინარე კვირაშივე იგეგმება სამი მინისტრით გადახალისებული მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა პარლამენტში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)