პუტინი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ საუბრობს
საქართველომ თვითონ უნდა მოაგვაროს ურთიერთობები სოხუმსა და ცხინვალთან, ნაცვლად იმისა, რომ "მესამე მხარეებთან ეძებოს" პრობლემის მოგვარება, განაცხადა რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ 5 ივლისს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დასრულებიდან რამოდენიმე საათში.
თბილისში კლინტონმა რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის "განგრძობითი ოკუპაციის“ წინააღმდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ "შოკირებული იყო და კატეგორიულად შეეწინააღმდეგა საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრას და ოკუპაციას“.
ქართველი ჟურნალისტების თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა კლინტონის ვიზიტზე და მის განცხადებებზე საქართველოში, პუტინმა განაცხადა: "ზოგიერთს მიაჩნიათ, რომ ის ოკუპირებულია, ვიღაცას მიაჩნია, რომ ის გათავისუფლებულია".
"ეს ხალხებს შორის დიალოგის საგანია – ქართველ და სამხრეთ ოსეთის ხალხებს შორის. საჭიროა ამ დიალოგის წარმართვა მესამე მხარეებისთვის მიმართვის გარეშე,"– იუწყება რუსეთის პრემიერ–მინისტრის ოფიციალური ვებ–გვერდი პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით.
"ჩვენ ეს ომი არ დაგვიწყია და პასუხისმგებლობა მასზე ეკისრებათ მათ, ვინც დაიწყო ეს ომი. მათ უნდა მოიკრიბონ ვაჟკაცობა, უნდა იპოვონ გზები ადამიანების გულებისკენ,"– განაგრძო მან, "საჭიროა მოლაპარაკება და თუ როგორ პრინციპებზე მოლაპარაკება – ეს ორი მომლაპარაკებელი მხარის საქმეა. რუსეთი, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა მონაწილეები, შეუძლიათ გამოვიდნენ აქ მხოლოდ გარანტებად".
"მე ვიცი, რომ საქართველოში არის მრავალი ძალა, რომელთაც სურთ როგორც ქართულ–რუსული ურთიერთობების ნორმალიზაცია, ისე ერთობლივი მომავლის შექმნა ოს ხალხთან. საჭიროა ამ გზაზე მოძრაობა, მაგრამ არ არის საჭირო გადაწყვეტილების სხვაგან ძებნა… საჭიროა ყველაფრის კეთება საკუთარი ხელებით. უკვე რაღაც გაკეთდა, საჭიროა ნაბიჯის სწორი მიმართულებით გადადგმა,"– განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ეს განცხადებები მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის მუზეუმში გააკეთა, სადაც ზურაბ ნოღაიდელთან, მოძრაობა სამართლიანის საქართველოსთვის ლიდერთან ერთად იმყოფებოდა. მან დაათვალიერა იმ მემორიალის მაკეტები, რომლის დადგმაც მოსკოვში იგეგმება გასულ დეკემბერში ქუთაისში აფეთქებული "დიდების მემორიალის" ანალოგად. ახალი მემორიალის სახელწოდება იქნება "ფაშიზმთან ბრძოლისას ჩვენ ერთად ვიყავით".
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)