სააკაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
13 ივლისს თბილისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი საღამოს ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა.
"ბატონი სიკორსკი არის ახალგაზრდა, თუმცა საქართველოს ძველი მეგობარი. ის არა მარტო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა ევროპაში, არამედ კარგი მრჩეველიც. ჩვენ ყოველთვის ვცვლით მოსაზრებებს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, "პოლონეთი არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომლის ეკონომიკაც ახლაც ვითარდება“.
"საქართველო კი არის ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, რომელმაც რეალურად დიდ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
ბათუმში ჩასვლამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში თავის კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს და პრემიერ–მინისტრს ნიკა გილაურს შეხვდა.
სიკორსკიმ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ, რომ პოლონეთი არ ცნობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
"პოლონეთი არის საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო, ყველაზე მტკიცე მეგობარი. პოლონეთი არის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვიწევს დახმარებას ევროპაშიც და ნატოშიც. პოლონეთი არის ქვეყანა, რომლის ექსპერტიზით, რომლის რჩევებით ჩვენ ვსარგებლობთ, როდესაც საქმე ეხება ევროპის კავშირთან დაახლოებას,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თბილისში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა ქრისტიან–დემოკრატების ლიდერს გიორგი თარგამაძეს და ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათ შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმასთან და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები დააყენეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)