საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი თბილისში 14 ივლისს გვიან საღამოს ჩამოვიდა.
დღეს დილიდან კუშნერი ოპოზიციის წარმომდგენლებს შეხვდა, მათ შორის ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას; დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერს ნინო ბურჯანაძეს; რესპუბლიკური პარტიის წევრს თინა ხიდაშელს და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წევრს, დეპუტატ პეტრე მამრაძეს.
პრეზიდენტ სააკაშვილთან და თავის ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრამდე ბერნარ კუშნერი ევროპის სახლში გამოვიდა სიტყვით და ევროპული პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა.
მან ყურადღება გაამახვილა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. მისი თქმით, უნდა გაგრძელდეს რუსეთის დარწმუნება, რომ გაიყვანონ ჯარები საზღვრებს მიღმა და დაშვებულ იქნან ევროპელი დამკვირვებლები სეპარატისტულ რეგიონებში.
“ჩვენ ამ პოლიტიკაზე ჯიუტად ვდგევართ,“– განაცხადა კუშნერმა.
კუშნერის განცხადებით არ დგას საკითხი სამხედრო ოპერაციების განახლების თაობაზე. "საქართველოს მთავრობა ნათლად ამბობს, რომ არ არსებობს ამ კონფლიქტის სამხედრო მოგვარების გზები,"– აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)