შამბას თქმით, რუსეთის მოქალაქეების ქონებრივ უფლებებზე კონცეფცია დაწუნებულია

სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ სოხუმმა დაიწუნა მოსკოვიდან მიღებული წინადადება აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების აღდგენის თაობაზე, იტყობინებოდა ”აფსნიპრესი” 20 აგვისტოს.

შამბამ ეს განცხადება აფხაზურ გაზეთ ”ნუჟნაია”-ში გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას გააკეთა, რომელიც აფხაზეთის ხელმძღვანელობას  ”ანტი-სახელმწიფოებრივ და ანტი-აფხაზურ” ქმედებებში ადანაშაულებს ”აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლების აღდგენაზე მომუშავე ერთობლივი რუსულ-აფხაზური კომისიის კონცეფციის” შესახებ წინადადების განხილვის გამო.  სტატიაში ნათქვამია, რომ კონცეფცია ათასობით იმ ქართველის დაბრუნებას გაუხსნის გზას, რომელთაც აფხაზეთი 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ დატოვეს და რომლებიც ახლა რუსეთში ცხოვრობენ და რუსული პასპორტები აქვთ.

”ამ კონცეფციის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი მანამ, სანამ ეს სტატია არ წავიკითხე. მას შემდეგ, რაც დავინტერესდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუ რა პროექტი იყო ეს, მე გავარკვიე, რომ ის რუსეთის საგარეო უწყებიდან იყო მიღებული და მას არც სარეგისტრაციო ნომერი გააჩნდა და არც წერილი ერთვოდა. ვის ეკუთვნის ეს წინადადება გაურკვეველია. როგორც ადმინისტრაციაში განმიცხადეს, და როგორც თავად პრეზიდენტმა დაადასტურა, პროექტზე მაშინვე უარი ითქვა, ვინაიდან ის განხილვის ღირსად არ ჩაითვალა. მას პრეზიდენტის შესაბამისი რეზოლუცია ადევს,” – განაცხადა შამბამ.

მისი თქმით, ეს ”არაობიექტური და სიძულვილით აღსავსე სტატია ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ”ცილისწამებაა”, რომელიც პროკურატურამ უნდა შეისწავლოს.

This post is also available in: Русский (რუსული)