“კომერსანტი“ აფხაზეთში საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ სკანდალზე წერს
სოხუმის მიერ ატეხილი "ისტერია“ მოსკოვის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე შეიქმნას აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლების აღდგენაზე მომუშავე ერთობლივი რუსულ-აფხაზური კომისია, უსაფუძვლოა, ვინაიდან ის არ გულისხმობს აფხაზეთის ინტერესების შელახვას, იტყობინება რუსული გაზეთი "კომერსანტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცნობი წყაროს სიტყვებზე დაყრდნობით.
ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აფხაზეთში უთანხმოების წყარო, რაც ადგილობრივმა გაზეთმა "ნუჟნაია“ აფხაზეთის ხელმძღვანელობა ”ანტი-სახელმწიფოებრივ და ანტი-აფხაზურ” ქმედებებში დაადანაშაულა "აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლების აღდგენაზე მომუშავე ერთობლივი რუსულ-აფხაზური კომისიის კონცეფციის” შესახებ წინადადების განხილვის გამო. 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ კონცეფცია იმ ათასობით ქართველის დაბრუნებას გაუხსნის გზას, რომელთაც აფხაზეთი 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ დატოვეს და რომლებიც ახლა რუსეთში ცხოვრობენ და რუსული პასპორტები აქვთ.
სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთის საგარეო უწყებიდან მართლაც იქნა მიღებული ამგვარი შემოთავაზება, თუმცა პროექტზე "მაშინვე უარი ითქვა, ვინაიდან ის განხილვის ღირსად არ ჩაითვალა“.
"დოკუმენტში არაფერია ცუდი, ან ისეთი, რაც აფხაზეთის ინტერესებს შელახავდა,“ – იტყობინება "კომერსანტი“ რუსეთის საგარეო უწყების უცნობ წყაროზე დაყრდნობით, "ეს დოკუმენტიც კი არ არის, არამედ დოკუმენტის პროექტია, და ის ნამდვილად შემუშავდა იმ რუსების სურვილების გათვალისწინებით, რომელთაც აფხაზეთში თავიანთი ქონების დაბრუნება სურთ… არავინ ამბობს, რომ კომისიამ განურჩევლად ყველას უნდა დაუბრუნოს საცხოვრებელი. და აბსოლუტურად აბსურდულია ის განცხადებები, რომ რუსეთს აფხაზეთში ქართველი ლტოლვილების დაბრუნება სურს“.
"უბრალოდ, ვიღაცას აფხაზეთში არ სურს, რომ ის რუსები, რომლებიც ომამდე აფხაზეთში ცხოვრობდნენ და იქ სახლები ჰქონდათ, მათ შორის პრივატიზებული, რესპუბლიკაში დაბრუნდნენ. მე არ გამოვრიცხავ, რომ მთელი ეს ისტორია მხოლოდ აფხაზეთის ხელისუფლების სპექტაკლია, რომელმაც გადაწყვიტა უარი თქვას კომისიის შექმნაზე და ამის მიზეზად საზოგადოების ნეგატიური რეაქცია დაასახელა,“ – განაცხადა წყარომ.
"კომერსანტის“ ინფორმაციით, ბოლო დროს "სულ უფრო მეტი“ რუსეთის მოქალაქე, და უმეტესად არა ეთნიკური ქართველები, მიმართავენ აფხაზეთის ხელისუფლებას და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით დაეხმარონ აფხაზეთში ომის დროს მიტოვებული ქონების დაბრუნებაში.
სერგეი შამბამ განაცხადა 23 აგვისტოს, რომ ომის შემდეგ ბევრი ის ადამიანი, რომელთა სახლებიც ომის დროს განადგურდა, იძულებული გახდა მიტოვებულ სახლებში დასახლებულიყო და ამიტომ ქონების რესტიტუციის პროცესი მტკივნეული იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ სოხუმი არ ამბობს უარს ამ საკითხის განხილვაზე, თუმცა მას დეტალური განხილვა ესაჭიროება, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსული პასპორტების მქონე ეთნიკური ქართველების დაბრუნება.
"კომერსანტი“ წერს, რომ სოხუმის მიერ ამ წინადადების მიღება "რეალური არეულობების რისკს ქმნის“. სოხუმში გამომავალი გაზეთის "ჩეგემსკაია პრავდა“–ს რედაქტორმა ინალ ხაშიგმა განუცხადა "კომერსანტს“, რომ მიუხედავად სოხუმის ახლო ურთიერთობებისა მოსკოვთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აფხაზეთის ხელისუფლება "გადარჩენის ინსტინქტით“ ხელმძღვანელობს, რადგან "თუ ისინი ამგვარ დოკუმენტს მიიღებენ, მათ უბრალოდ წალეკავენ“.
ექსპერტმა და რესპუბლიკური პარტიის წევრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა რადიო "თავისუფლების“ თბილისის ბიუროს, რომ სოხუმის უარი მოსკოვის წინადადებაზე რეგიონში დემოგრაფიული სიტუაციის შესაძლო შეცვლის მიმართ შიშის ფაქტორითაა გამოწვეული.
”მათ [აფხაზებს], რა თქმა უნდა, ეშინიათ რუსების დაბრუნებისაც და სომხების დაბრუნებისაც, მაგრამ ისინი ამას არ ახსენებენ [საჯაროდ]… ისინი ამბობენ მარტო ქართველებზე, იმიტომ რომ იციან, ეს კარგად გაიყიდება… ეს მათთვის ძლიერი არგუმენტია და ამის უკან მალავენ უფრო მეტ შიშებს. შესაბამისად, ისინი ებრძვიან რა ქართველებს საჯაროდ, სინამდვილეში ებრძვიან რუსებსაც და სომხებსაც… ,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
"კომერსანტი“ ასევე იტყობინება, რომ რუსეთი დიდი ხანია მოითხოვს სოხუმისგან კანონში ცვლილების შეტანას, რომელიც უკრძალავს უცხოელებს აფხაზეთში ქონების შეძენას. მიუხედავად ამ დებულებისა, მაინც არსებობს შემთხვევები, როდესაც რუსები ქონებას აფხაზეთში სხვადასხვა სქემებით, კანონის გვერდის ავლით იძენენ. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა 2010 წლის თებერვალში, რომ კანონში ცვლილებები შევა და აკრძალვა მოიხსნება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხს "დეტალური განხილვა“ ესაჭიროება.
აგვისტოში ბაღაფშმა განუცხადა Newsweek–ს, რომ მან რუსეთის პრემიერ–მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან მიაღწია შეთანხმებას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში კერძო საკუთრების ფლობის საშუალებას მისცემს.
This post is also available in: Русский (რუსული)