ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

ალექსანდრე კვიტაშვილმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა – ამ პოსტზე ის 2008 წლის იანვრიდან მსახურობდა.

საგანგებო პრესკონფერენციაზე საუბრისას მან განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ „გარკვეული პერიოდის წინ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი შესთავაზეს. 

მოგვიანებით, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის ახალ შემსრულებლად ალექსანდრე კვიტაშვილი აირჩია.  თსუ–ს ყოფილი რექტორი, პროფესორი გია ხუბუა თანამდებობიდან 14 აგვისტოს გადადგა, რის შემდეგაც აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უკვე არჩეული ჰყავდა.

კვიტაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს თსუ–ს რექტორის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

მან ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მისი შემცვლელის დასახელებისაგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ დროებით მოვალეობას პირველი მოადგილე, ირაკლი გიორგობიანი შეასრულებს. 

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა, კვიტაშვილის განცხადებიდან რამდენიმე საათში მოწვეულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება და ახალ მინისტრს ის მომავალ კვირას წარადგენს. გილაურმა მადლობა გადაუხადა კვიტაშვილს გაწეული სამუშაოსთვის და ბრიფინგის ოთახი კითხვა–პასუხის გარეშე დატოვა.

ჯანდაცვის მინისტრის შეცვლის ვარაუდებზე დროდადრო იწერებოდა პრესაში. ბოლო ასეთ სტატიაში, რომელიც გაზეთ „რეზონანსში“ 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, საუბარი იყო კვიტაშვილის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე. ამავე სტატიის თანახმად, მთავრობის რიგებს სავარაუდოდ ასევე დატოვებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი და გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე.

30 აგვისტოს კი გავრცელდა ინფორმაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას გადადგომის თაობაზე. თუმცა ეს ცნობა, იმავე დღეს უარყვეს კულტურის სამინისტროსა და პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციაში.

 

This post is also available in: Русский (რუსული)