სააკაშვილმა ხორბლის საკითხი მთავრობასთან განიხილა

იმის სადემონსტრაციოდ, რომ მთავრობა ცდილობს შეამსუბუქოს ხორბალსა და პურ–პროდუქტებზე ფასების ბოლო დროინდელი ზრდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 31 აგვისტოს სატელევიზიო თათბირი გამართა პრემიერ–მინისტრთან ნიკა გილაურთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ბაკურ კვეზერელთან და განაცხადა, რომ ხორბალზე ფასის მეტი მატების საფრთხე მოხსნილია.

პურის ფასი, დაახლოებით, 16.6%–ით 60–დან 70 თეთრამდე გასულ თვეში გაიზარდა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, 30%–ით გაძვირდა ასევე ზოგიერთი პურ–პროდუქტი, რაც ხორბლის ცუდი მოსავლითა და რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტის აკრძალვით გამოწვეული მსოფლიო ფასების ზრდითაა განპირობებული.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში წლიური ინფლაცია 7%–ზე დაფიქსირდა; ჯერ–ჯერობით აგვისტოს მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 1 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ინფლაცია გამოიწვია მსოფლიო ბაზარზე სასურსათო ფასების გაძვირებამ.

გასულ კვირას პრეზიდენტი სააკაშვილი ნიკა გილაურისა და ტელე–კამერების თანხლებით თბილისის ერთ–ერთ სასურსათო მაღაზიას ეწვია და ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების ფასებით დაინტერესდა. მან მთავრობას  იმპორტის დივერსიფიკაციაზე მუშაობა დაავალა.

31 აგვისტოს შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ "თეორიულად“ საქართველო შეუძლია საკმარისი ხორბლის წარმოება შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოს საჭირო ხორბლის, დაახლოებით, 85% შემოაქვს, ძირითადად, რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან და ყაზახეთიდან. ბაკურ კვეზერელმა მოახსენა პრეზიდენტს, რომ "ჩვენი მიზანია 2013 წლამდე ვაწარმოოთ  ხორბლის საერთო მოთხოვნის, მინიმუმ, 45%“.

შეხვედრის დროს პრეზიდენტის კაბინეტში ტელე–ხიდები შედგა ასევე ქვემო ქართლისა და კახეთის გუბერნატორებთან, ასევე აჭარის მთავრობის მეთაურთან მათ რეგიონებში ხორბალთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად; ასევე საქართველოს ელჩებთან უკრაინასა და აშშ–ში ამ ქვეყნებიდან ხორბლის იმპორტის გაზრდის საკითხის განსახილველად.

სააკაშვილმა დაავალა მთავრობას განიხილოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მომავალი წლის პირველ თვეებში ფქვილის დარიგების საკითხი. 

 

This post is also available in: Русский (რუსული)