გაეროს სასამართლო საქართველო vs რუსეთის საქმის არსებით განხილვაზე გადაწყვეტილებას მიიღებს

17 სექტემბერს ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში დაასრულდა საჯარო მოსმენები, რომელიც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნებს შეეხებოდა.
 
ჰააგაში განთავსებულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ის რუსეთის მიერ შეტანილ შუამდგომლობაზე, რომ შეწყდეს საქმის განხილვა, გადაწყვეტილებას მოგვიანებით, საჯარო სხდომაზე გამოიტანს, რომლის ”თარიღიც შესაბამის დროს გამოცხადდება.”
 
2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილ სარჩელში საქართველო ამტკიცებს, რომ რუსეთმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებები 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე პერიოდში სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინტერვენციები განახორციელა.
 
თუმცა რუსეთის მხარე აცხადებს, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში არ შედის ამ სარჩელის განხილვა. კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, მხარეებმა თავიანთი არგუმენტები სასამართლოს ორრაუნდიანი საჯარო მოსმენების დროს გააცნეს, რომელიც 13-დან 17 სექტემბრამდე გაიმართა.
 
რუსეთი სასამართლოსგან ითხოვს, რომ საერთოდ შეწყვიტოს საქმის განხილვა, ხოლო ქართულმა მხარემ თხოვა სასამართლოს მიიჩნიოს მისი სარჩელი დასაშვებად და შეუდგეს მის არსებით განხილვას.
 
თუ სასამართლომ გაიზიარა საქართველოს არგუმენტები, მაშინ საქმის არსებითი განხილვისთვის უკვე დამატებით მოსმენები გაიმართება.

This post is also available in: Русский (რუსული)