გუდაუთას მეჩეთთან მომხდარ თავდასხმას გამოძიება გარეშე ძალებს უკავშირებს

გუდაუთას მეჩეთზე თავდასხმის გამოძიებიებისას რამოდენიმე სხვადასხვა ვერსია გამოიკვეთა, მათ შორის უცხოური რადიკალური ისლამისტური ჯგუფების ან უცხოური დაზვერვის შესაძლო მონაწილეობა თავდასხმაში, განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის პროკურატურამ 11 ოქტომბერს. 

ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი დაიჭრა მას შემდეგ, რაც 8 ოქტომბერს გუდაუთას ცენტრში მდებარე მეჩეთის წინ მლოცველთა ჯგუფს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.  

ამ ბოლო ინციდენტამდე დაახლოებით სამი თვით ადრე აფხაზეთის მუსლიმთა სასულიერო საბჭოს წევრი ემიკ ჩაკმაჩ-ოღლი გაგრაში საკუთარ სახლში მოკლეს. იმავე თვეს, სოხუმის მეჩეთის იმამმა განაცხადა, რომ ის სიკვდილს გადაურჩა მას შემდეგ, რაც საკუთარ მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

ყველა ამ საქმის შესაძლო მოტივად გამოძიება განიხილავს "უცხოური ქვეყნების ისლამური რელიგიის რადიკალურად განწყობილი წარმომადგენლების მონაწილეობას, რომელთაც აფხაზეთში რადიკალური ისლამის გავრეცლებაში მხარდაჭერა ვერ მიიღეს,“ იტყობინება "აფსნიპრესი“ პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით.  

"გამოძიება ასევე განიხილავს უცხოური სახელმწიფოების სპეცსამსახურების მონაწილეობის ვერსიას, რაც მიზნად ისახავს აფხაზეთში კონფესიათაშორისი შუღლის გაღვივებას და რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების დესტაბილიზაციას,“ – ნათქვამია ამავე განცხადებაში, სადაც დეტალები არ არის დაკონკრეტებული. 

განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც აფხაზეთის მუსლიმთა სასულიერო საბჭომ 11 ოქტომბერს განცხადებით მოუწოდა ხელისუფლებას საჯარო გახადოს ბოლოდროინდელი თავდასხმების გამოძიების დეტალები.

განცხადების თანახმად, საბჭო მიიჩნევს, რომ ეს თავდასხმები აფხაზეთის მუსულმანური დიასპორის "დაშინების“ მცდელობაა.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ აქტს… შესაბამისი გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით  დავიცვათ საკუთარი თავი და საკუთარი ოჯახები კანონის ჩარჩოებიდან გამოსვლის გარეშე,“ – იტყობინება "აფსნიპრესი“ საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით.

2007 წლის აგვისტოში გუდაუთას მეჩეთის იმამი ხამზათ გიცბა მოკლეს გუდაუთაში. კიდევ ორი ადამიანი – რუსტამ და რაულ გიცბები – რომლებიც გუდაუთაში 8 ოქტომბერს მომხდარი სროლის დროს დაიჭრნენ – ხამზათ გიცბას ძმები არიან. ეს უკანასკნელი არის ყოფილი მებრძოლი, რომელიც მუსულმანური ეკლესიის მსახური მას შემდეგ გახდა, რაც თურქეთის ციხეში ოთხწლიანი სასჯელი მოიხადა 1996 წელს ტრაბზონის პორტში ბორნის "ავრასიას“ დაკავების გამო, რითიც მან ჩეჩენი მებრძოლების მხარდაჭერა გამოხატა.      

This post is also available in: Русский (რუსული)