მოვაჭრეები მაღალ ჯარიმებს, რთულ საგადასახადო პროცედურებს აპროტესტებენ
20 ოქტომბერს ლილოს ბაზრობის მოვაჭრეების ნაწილი გაფიცული იყო რთული საგადასახადო პროცედურების და მაღალი საჯარიმო სანქციების გასაპროტესტებლად.
მოვაჭრეების თქმით, საგადასახადო სამსახურებმა ათობით მაღაზია დალუქეს ფინანსური დოკუმენტაციის შემდგომი შემოწმების მიზნით მას შემდეგ, რაც იქ, სავარაუდო, დარღვევები აღმოაჩინეს.
ლილოს ბაზრობის წინ გამართულ საპროტესტო აქციას ეროვნული ფორუმის რამოდენიმე წარმომადგენელიც შეუერთდა. ეროვნული ფორუმის ლიდერებმა, განაცხადეს, რომ ისინი ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც მოვაჭრეებმა თავიანთი პრობლემების შესახებ აცნობეს. როდესაც ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა და მოვაჭრეებმა, ჟურნალისტებთან ერთად, ბაზარში შესვლა გადაწყვიტეს, რათა დალუქული მაღაზიები ენახათ, ბაზრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ისინი შიგნით არ შეუშვეს, რასაც შეხლა–შემოხლა მოყვა. ინციდენტის დროს ტელეკომპანია ”კავკასიის” ოპერატორი დაშავდა, ხოლო ერთ ჟურნალისტს კამერა დაუზიანდა. ამავე ინციდენტის დროს, პოლიციამ, რომელიც მომხდარში მოგვიანებით ჩაერია, ეროვნული ფორუმის ერთი აქტივისტი დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უარყოფს მაღაზიების დალუქვის შესახებ ინფორმაციას. სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩვეულებრივი შემოწმება ხდება.
“კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყველა ადამიანს ევალება, რომ გამოწეროს დოკუმენტაცია როდესაც ყიდის პროდუქციას. ამ დოკუმენტაციის გაუცემლობა ისჯება კანონმდებლობით. არც ერთი ობიექტი არ არის დალუქული. იქ ჩვეულებრივი პროცედურა ტარდება. პროცედურები არის საკონტროლო შესყიდვა, ინვენტარიზაცია ა.შ. რაც ყოველთვის ტარდებოდა და ჩატარდება სამომავლოდაც. კანონი ყველამ უნდა დაიცვას,” – განუცხადა ცხაკაიამ ”ინტერპრესნიუსს”.
ოქტომბრის დასაწყისში სავაჭრო ცენტრების, "კიდობანისა და "პასაჟის" ათობით მოვაჭრე დააკავეს, როგორც ხელისუფლებამ განაცხადა, იმპორტირებულ საქონელზე დოკუმენტაციის გაყალბებასთან დაკავშირებით. 29 მოვაჭრე გირაოთი გაათავისუფლეს, ხოლო ხუთს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)