სასამართლომ ოპოზიციის აქტივისტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 ოქტომბერს ოპოზიციური ეროვნული ფორუმის აქტივისტს ზაზა ჩაკვეტაძეს, რომელსაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება ბრალი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პოლიციამ ზაზა ჩაკვეტაძე 21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის დროს დააპატიმრა, როდესაც მოვაჭრეების ჯგუფსა და ეროვნული ფორუმის აქცივისტებს ჩხუბი მოუვიდათ ბაზრობის დაცვის წევრებთან.

ჩაკვეტაძე ბრალდებებს უარყოფს. ეროვნული ფორუმის ერთ–ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ მისი თანაპარტიელი "პოლიტიკური პატიმარია“.

ჭანკვეტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსისი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაშიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა შედის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ან ჯარიმა დაეკისრება, ან მაქსიმუმ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება.

This post is also available in: Русский (რუსული)