რუსი დეპუტატი: მოსკოვი თავის მოქალაქეებს გასაჭირში არ მიატოვებს
რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეების დაკავება ”სერიოზული” მოვლენა და ”პროვოკაციაა”.
”ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა და მათ ვინც ახლა საქართველოში ეს მორიგი პროვოკაცია წამოიწყეს, კარგად უნდა ესმოდეთ და იცოდნენ, რომ რუსეთი თავის მოქალაქეებს გასაჭირში არ მიატოვებს,” – განაცხადა მან 5 ნოემბერს.
"მინდა შეგახსენოთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვები, რომელსაც არაერთხელ უთქვავს, რომ რუსეთი ყველგან და ყოველთვის დაიცავს თავის მოქალაქეებს ყველა არსებული საშუალებებით,"– განაცხადა კოსაჩევმა.
მისმა ქართველმა კოლეგამ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ ”ჯაშუშთა დიდი ქსელის გამოვაშკარავება ნიშნავს, რომ ძალიან გავაძლიერეთ ჩვენი უსაფრთხოება” და მეორეს მხრივ, ამით დაიმსხვრა მითი რუსული დაზვერვის უძლეველობაზე.
”წარმომიდგენია რა დღეში არიან, როგორც ადამიანურად ისე ფსიქოლოგიურად, როგორც პუტინი, ისე მისი სპეცსამსახურები. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი რეპრესიები იქნება [რუსეთის] სპეცსამსახურებში, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუმჟღავნდათ,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)