ინციდენტი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე

ოფიციალური წყაროების ცნობით, ვაზიანის ბაზაზე სამხედროებს შორის ერთმანეთში მომხდარი ჩხუბის შედეგად რამოდენიმე ჯარისკაცი მსუბუქად დაშავდა.

თუმცა მომხდარის ოფიციალური ვერსია, რომელიც მოგვიანებით თავად ჯარისკაცებმაც დაუდასტურეს სახალხო დამცველს, უფლებადამცველებისთვის დამაჯერებლად არ ჟღერს.

ცნობა ვაზიანში დისლოცირებულ მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონში მომხდარი ინციდენტის შესახებ პირველად ორგანიზაცია ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ გაავრცელა 5 ნოემბერს დილით. მისი თქმით, მან მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით ჯარისკაცი დაუკავშირდა, სადაც საუბარი იყო მეთაურების მხრიდან ჯარისკაცების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ.

ამ ცნობის გავრცელებიდან რამოდენიმე საათში თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ვაზიანში ინციდენტი მართლაც მოხდა, თუმცა ეს იყო ჩხუბი რამოდენიმე ჯარისკაცს შორის, რომელიც მას შემდეგ წარმოიშვა, რაც სამხედროებმა აღმოაჩინეს, რომ ნაწილში ერთი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი იყო დაკარგული.

უფლებადამცველებმა მომხდარის შესახებ საქმის კურსში სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში ჩააყენეს, რომელმაც იმავე დღეს საღამოთი შეძლო 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებთან შეხვედრა. ვაზიანიდან დაბრუნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტუღუშმა განაცხადა, რომ ის გაესაუბრა, როგორც ინციდენტში მონაწილე ჯარისკაცებს, ასევე სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას.

მისი თქმით,  ინციდენტის შედეგად რამდენიმე ჯარისკაცს აღენიშნებოდა ”მსუბუქი ხარისხის დაზიანებები”, ხოლო ერთ–ერთს ”თვითდაზიანება”. ამ ჯარისკაცს განუცხადებია ტუღუშისთვის, რომ მან თავად ”გადაისერა ხელი.”

ტუღუშის თქმით, ჯარისკაცებთან გასაუბრება ადვილი არ იყო, რადგან ისინი საუბრის სურვილით არ გამოირჩეოდნენ. მისი თქმით, ჯარისკაცების გადმოცემით, ინციდენტი მოხდა თავად ჯარისკაცებს შორის და ამის მიზეზი გახდა დაკარგული ავტომატი.

ირაკლი სესიაშვილი, სამხედროთა უფლებების დამცავი ასოციაციიდან ”სამართალი და თავისუფლება" აცხადებს, რომ მოხდარის ოფიციალური ვერსია მისთვის ნაკლებად დამაჯერებელია. სესიაშვილმა ტელეკომპანია ”მაესტროს” განუცხადა, რომ გაუგებარია თუ რაში დაჭირდებოდა ჯარისკაცს მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა და შველის თხოვნა, საქმე რომ მართლა ჯარისკაცებს შორის უბრალო დაპირისპირებაში ყოფილიყო. ”ასეთ დაპირისპირებას ისინი თავადვე მოაგვარებდნენ,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ როგორც ჩანს, საქმე უფრო სერიოზულად იყო და შესაძლოა ადგილი ქონოდა მეთაურების მხრიდან ჯარისკაცების ცემის ფაქტს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)