ომის ვეტერანები მძიმე სოციალური პირობების გამო შიმშილობის აქციას მართავენ

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილე ომის ვეტერანები 27 დეკემბრიდან შიმშილობის აქციას მართავენ მძიმე სოციალური პირობებისა და იმ "ღირსების შემლახავი" დამოკიდებულების გამო, რომელსაც, მათი თქმით, ხელისუფლება ვეტერანების მიმართ იჩენს.

ომის ვეტერანები, რომელთა აქციაც გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის წინ მიმდინარეობს, აცხადებენ, რომ სამხედრო სამსახურიდან და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან დათხოვნის  შემდეგ ისინი შემოსავლების გარეშე დარჩნენ.

ვეტერანთა სამედიცინო მომსახურების პროგრამისათვის წლევანდელ ბიუჯეტში ნული ლარია გათვალისწინებული, ნაცვლად 800 ათასი ლარის, რომელიც აღნიშნულ პროგრამაზე 2010 წელს იყო გამოყოფილი. 

ამასთან, მთავრობის 2007 წლის განკარგულებით, ის ვეტერანები, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ კონფლიქტების დროს იბრძოდნენ ყოველთვიურად 22 ლარს იღებენ კომუნალური გადასახადების დასაფარად. მათ ასევე უფასოდ შეუძლიათ მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა სალომე მახარაძემ განაცხადა, რომ ვეტერანთა სოციალური შემწეობების პროგრამას ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტრო კურირებს და ამიტომ მან მოშიმშილეებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ მათი შიმშილობის აქცია, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)