რუსეთის პატრიარქმა ილია მეორის წოდებაში ”აფხაზეთი” კვლავ არ ახსენა
რუსეთის პატრიარქის, კირილის მიერ საქართველოს პატრიარქისთვის გაგზავნილ საშობაო მილოცვაში ილია მეორის ოფიციალური წოდება კვლავ არასრულად არის მოხსენიებული.
იმის ხაზგასასმელად, რომ აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში შედის, წმინდა სინოდის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს პატრიარქი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიც გახდა, რის შემდეგაც მისი სრული ოფიციალური ტიტულია: "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა“.
თუმცა, ილია II-სთვის გაგზავნილ საშობაო მილოცვაში რუსეთის პატრიარქი მას კვლავ ძველი წოდებით მოიხსენიებს: ”უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა“.
იგივე მოხდა 25 დეკემბერსაც, როცა რუსეთის პატრიარქმა კირილმა საქართველოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 33 წლის იუბილე მიულოცა. მაშინ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ ეს ტექნიკური შეცდომა უფრო იყო, რადგან წოდებაში ცვლილება რუსეთის პატრიარქის მიერ მისალოცის გამოგზავნამდე სულ რამოდენიმე დღით ადრე მოხდა. საქართველოს საპატრიარქოს, რუსეთის პატრიარქის მიერ საშობაო მილოცვაში გამოყენებულ ძველ ტიტულზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
7 იანვარს გავრცელებულ საშობაო ეპისტოლეში საქართველოს პატრიარქმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად მისი დადგენის შესახებ "არის ისტორიული რეალობის საჯაროდ კიდევ ერთხელ განცხადება და თქმა იმისა, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ხოლო აფხაზეთის მოსახლეობა – საქართველოს ეკლესიის სულიერი შვილები… იგივე ითქმის ცხინვალის რეგიონის შესახებაც“.
"აღვნიშნავთ იმასაც, რომ ისტორიის მანძილზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიუხედავად, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრები არ შეცვლილა,“ – ნათქვამია ეპისტოლეში.
"ის, რაც ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონი) ოსებს შორის მოხდა, შედეგია პოლიტიკური ინტრიგებისა და მას ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობასთან საერთო არაფერი აქვს,“ – ნათქვამია ეპისტოლეში, რომელიც დასძენს, რომ მრავალსაუკუნოვანი ახლო ურთიერთობები ხალხებს შორის "იძლევა იმედს იმისას, რომ ადრე თუ გვიან აღდგება და განახლდება ძველი ურთიერთობა და მეგობრობა აფხაზებთანაც და ოსებთანაც“.
საქართველოს პატრიარქმა ასევე განაცხადა საშობაო ეპისტოლეში, რომ მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გამოყენებული პოლიტიკა, რომელიც "დაყავი და იბატონეს“ პრინციპს ეფუძნებოდა, "მეტ-ნაკლებად ფარულად, კვლავაც მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება“.
ოფიციალურად, რუსული ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს. თუმცა, როდესაც რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს სექტემბერში რეგიონის „დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა, საქართველოს ეკლესიამ ამ ქმედება ”მეტად სამწუხარო” და ”სრულიად გაუგებარი” უწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)