საქართველომ კონგოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა
საქართველომ 14 იანვარს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოსა და კონგოს მუდმივმა წარმომადგენლებმა გაეროში, ალექსანდრე ლომაიამ და ილეკა ატოკიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს, რომლის თანახმადაც, "ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები იხელმძღვანელებენ სუვერენული თანასწორობის, მეგობრული ურთიერთობების, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის პრინციპებით".
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 23–ე ქვეყანა გახდა, რომელთანაც საქართველომ ბოლო ერთი წლის მანძილზე დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.
გასულ წელს საქართველომ ანალიოგიურ კომინიკეებს მოაწერა ხელი ბრუნეისთან; მალდივის რესპუბლიკასთან; მარშალის კუნძულებთან; ფიჯისთან, სამოასთან; დომინიკის რესპუბლიკასთან; დომინიკის თანამეგობრობასთან, გვატემალასთან; პარაგვაისთან; პერუსთან; სენტ–ლუსიასთან; სენტ–ვინსენტთან და გრენადინებთან; ბოტსვანასთან; გამბიასთან; კაბო–ვერდესთან; კომოროსთან; ეკვატორულ გვინეასთან; კენიასთან; ლიბერიასთან; სენეგალთან, უგანდასთან და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)