სოხუმი და ცხინვალი შეაშფოთა სააკაშვილის განცხადებებმა

სოხუმმა და ცხინვალმა შეშფოთება გამოთქვეს პრეზიდენტ სააკაშვილის იმ განცხადების გამო, რომ „ომი არ დამთავრებულა“ და აღნიშნეს, რომ ეს რიტორიკა არ შეესაბამება მის მიერ ევროპარლამენტში გამოცხადებულ ცალმხრივ დეკლარაციას ძალის არ გამოყენების შესახებ.

25 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობასთან ტელეხიდის დროს განაცხადა: "ომი არ დამთავრებულა… თუ ვიქნებით კონსოლიდირებულები და განვვითარდებით, ჩვენ ამ ომს ნამდვილად მოვიგებთ“. მან ასევე მთავარი მიღწევა უწოდა იმას, რომ ტერმინი "ოკუპაცია“ დამკვიდრდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში. "ოკუპაცია ყოველთვის მთავრდება დეოკუპაციით,“ – აღნიშნა მან. 

"ასეთი ტიპის განცხადებები წარმოადგენს ღია მოწოდებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის მზადებისკენ,“– იუწყება 26 იანვარს „აფსნიპრესი“ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით.

იმავე დღეს გავრცელებულ ანალოგიურ განცხადებაში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ძალის არ გამოყენების შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებებს მხოლოდ მას შემდეგ ირწმუნებს, რაც ისინი იურიდიულად სავალდებულო ხასიათს მიიღებს.

“მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ „ოკუპირებულ ტერიტორიების“ თეზისის დაჟინებით გამეორება, მისი მუქარები და შეურაცხმყოფელი ტონი, არსებითად გამორიცხავს მასთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენის შესაძლებლობას,“– ნათქვამია ცხინვალის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)