გილაური: მთავრობა არ გაყიდის ჩრდილოეთ–სამხრეთის გაზსადენის საკონტროლო პაკეტს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 16 თებერვალს, ერევნში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველო ჩრდილოეთ–სამხრეთის გაზსადენის საკონტროლო პაკეტს არ გაყიდის, იტყობინება ერევანში მდებარე საინფორმაციო სააგენტო Novosti Armenia.

"ეს კითხვა მე ადრეც დამისვეს რამდენჯერმე და მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს მთავრობა არ გაყიდის გაზსადენის საკონტროლო პაკეტს. არსებობს სტრატეგიული ობიექტები, რომელთა მართვასაც საქართველოს მთავრობა განაგრძობს,“ – უპასუხა გილაურმა ჟურნალისტის შეკითხვას ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე.  

სომხეთი რუსეთიდან ჩრდილოეთ–სამხრეთ გაზსადენის მეშვეობით იღებს ბუნებრივ აირს. გაზსადენის მმართველი კომპანიის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების საფონდო ბირჟებზე განთავსების იდეა პირველად პრემიერ–მინისტრმა გილაურმა შარშან ზაფხულში გაახმოვანა, როდესაც მსჯელობა მიმდინარეობდა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლითაც მილსადენები იქნა ამოღებული იმ ქონებათა ნუსხიდან, რომელთა გაყიდვასაც კანონი უკრძალავს ხელისუფლებას.

იანვარში აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო Azeri-Press Agency (APA) იტყობინებოდა აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის SOCAR–ის პრეზიდენტზე როვნაგ აბდულაევზე დაყრდნობით, რომ კომპანია დაინტერესებულია ჩრდილოეთ–სამხრეთის გაზსადენის შესყიდვით.

თვის დასაწყისში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა "როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მთავრობა განიხილავს  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების 25%–ის საერთაშორისო ბირჟაზე პირველად განთავსებას (IPO). "ჩვენ არ ვაპირებთ [კორპორაციის] საკონტროლო პაკეტის გაყიდვას… საუბარია აქციების 25%–ის დარეგისტრირებაზე საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე IPO–ს პროცესის ფარგლებში… ეს შესაძლოა მომავალ წელს მოხდეს,“ – განაცხადა ხეთაგურმა და დასძინა, რომ "გამორიცხული არ არის, რომ კორპორაცია ევროობლიგაციებს გამოუშვებს IPO–ს ნაცვლად.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)