დეპუტატები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდებენ
პარლამენტმა 22 თებერვალს მიიღო დადგენილება, რომლითაც მიმართა მთავარ პროკურატურას „სათანადო რეაგირება“ მოახდინოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე გამოვლენილ "ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე“.
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე დეპუტატებმა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის საბოლოო დასკვნა მოისმინეს, სადაც ასახულია კომისიის 15 თვიანი მუშაობის შედეგად მოკვლეული მასალები და მტკიცებულებები. აღნიშნულ კომისიას, რომელსაც საგამოძიებო სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული, ზვიად გამსახურდიას შვილი, დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობდა.
"კომისიის მიერ მოპოვებული მასალები და მათზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნები აბათილებს თვითმკვლელობის ვერსიას, რომელიც ერთადერთ მსჯელობის საგნად იქცა 1994–2004 წლებში პროკურატურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში,“– განაცხადა მან პარლამენტში გამოსვლისას.
პირველი პრეზიდენტი, რომელზეც დევნა ხორციელდებოდა, სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში 1993 წლის დეკემბრის მიწურულს იპოვეს გარდაცვლილი. ოფიციალურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა – თუმცა, ამ ვერსიას გამსახურდიას ბევრი მხარდამჭერი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
კომისიის ანგარიშის თანახმად, გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიება ჩატარდა მნიშვნელოვანი გარემოებების, ძირითადი მტკიცებულების იგნორირებით და მასში ბევრი შეუსაბამობა იკვეთება. ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავარი მტკიცებულება, მათ შორის იარაღი და ტყვია, რომლითაც გამსახურდიამ სიკვდილი დადგა, გაქრა.
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ჭეშმარიტების დასადგენად ხელახლა უნდა დაიკითხონ მოწმეები, რომელთა გამოძიების ხელთ არსებული ჩვენებები, კომისიის დასკვნით, "ურთიერთგამომრიცხავია“, ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მტკიცებულებების დეტალური შესწავლა უნდა მოხდეს და „შესაძლოა, აუცილებელი გახდეს გვამის ხელახალი ექსჰუმაციაც“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)