სააკაშვილი: “სიკვდილის პირას მყოფი იმპერია“ საქართველოს ოკუპირებაზე “ოცნებობს“

რუსეთი "ოცნებობს“ იმაზე, რომ ხელში ჩაიგდოს საქართველო, როგორც ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ გააკეთა ეს 90 წლის წინ, 25 თებერვალს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

მან ეს განცხადება კადეტთა სკოლის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომლებიც თბილისის ოკუპაციის მუზეუმში 1921 წელს ბოლშევიკური წითელი არმიის მიერ თბილისის აღების დღეს აღნიშნავდნენ. შარშან ივლისში საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა.

"საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც ოკუპირებულია,“ – განაცხადა სააკაშვილმა, "იგივე იმპერია, რომელმაც მოაწყო 1921 წლის 25 თებერვალი, ოცნებობს საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმებაზე. იგივე კაბინეტებში, რომელშიც ის ტრაგიკული დღე იგეგმებოდა, ისევე ფიქრობენ როგორ გაიმეორონ ის 25 თებერვალი. მახსოვს პირველ შეხვედრაზე პუტინმა თავმომწონედ განმიცხადა, რომ ის იჯდა სტალინის კაბინეტში, კრემლში“.

"სხვაობა მხოლოდ ის არის, რომ მაშინ ეს იმპერია იბადებოდა, ახლა კი იგი კვდება; მაშინ ის იწყებდა მოძრაობას მსოფლიო დომინაციისკენ და ამ გზაზე საქართველო იყო ერთი პატარა დაბრკოლება… ახლა კი მას აქვს დაკარგული გავლენა, მისი პოზიციები დღითიდღე სუსტდება და საქართველო არის ბოლო საშუალება შეინარჩუნოს პოზიციები, იმპერიის სტატუსის რაღაც მოჩვენებითობა მაინც. ამიტომ, ახლა ჩვენ ასმაგად გვმართებს სიფრთხილე და მობილიზაცია,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის მთავარი მიღწევა ბოლო წლებში არის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება პოლიტიკური კლასით, რომლისთვისაც საქართველო აღარ წარმოადგენს რომელიმე იმპერიის პროვინციას. მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას დღევანდელი პოლიტიკური კლასი რომ ჰყოლოდა 90–იან წლებში, იგი რუსეთის მიერ დაგებულ ნებისმიერ "მახეს“ დააღწევდა თავს. 

"დღეს ჩვენ უკვე სხვა რეალობაში ვიმყოფებით, დღეს საქართველო შედგა როგორც სახელმწიფო, ფუნქციონირებენ სახელმწიფო ინსტიტუტები, გვაქვს სახელმწიფო სიმბოლიკა, რომელსაც ხალხი პატივს სცემს, მოქალაქეს გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე, სახელმწიფო ასრულებს ძირითად მოვალეობებს საკუთარი მოქალაქეების წინაშე. სწორედ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი. ეს არის ის, რაც შეუძლებელს ხდის ისტორიის შემობრუნებას და ახალი 25 თებერვლის დადგომას,“ – განაცხადა მან.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)